მარია კოლესნიკოვას თანაგუნდელი ადასტურებს, რომ კოლესნიკოვამ საზღვართან საკუთარი პასპორტი დახია და ბელარუსის დატოვებაზე უარი განაცხადა
მარია კოლესნიკოვას თანაგუნდელი ადასტურებს, რომ კოლესნიკოვამ საზღვართან საკუთარი პასპორტი დახია და ბელარუსის დატოვებაზე უარი განაცხადა

ბელარუსული ოპოზიციის ლიდერის, მარია კოლესნიკოვას თანაგუნდელი ანტონ რადნენკოვი ადასტურებს, რომ კოლესნიკოვამ საზღვართან საკუთარი პასპორტი დახია, რათა ბელარუსის ხელისუფლების მიერ მისი უკრაინაში გაძევება თავიდან აეცილებინა.

ამის შესახებ რადნენკოვმა კიევში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

რადნენკოვის ინფორმაციით, ის, მარია კოლესნიკოვა და საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ივან კრავცოვი 8 სექტემბერს დილით უკრაინის საზღვართან მიიყვანეს, თუმცა კოლესნიკოვამ ბელარუსის დატოვებაზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელის თქმით, მისთვის უცნობია ოპოზიციონერი ქალის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.

ბელარუსის მედიის ცნობით, 7 სექტემბერს დილით, მინსკში უცნობმა პირებმა ბელარუსის ოპოზიცური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. კავშირი გაწყდა ასევე ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორ წევრთან.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარმა მეტოქემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა. ის ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.