მარი წერეთელი - არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ პატრულსა და მობილურ ჯგუფს თუ გამოვიძახებთ, ბავშვი ხვალ ქუჩაში აღარ დაგვხვდება, რადგან ამ სისტემამ არ იმუშავა
მიუსაფარი ბავშვის სტატუსის მინიჭება მობილური ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული ბავშვის შემთხვევაში ხდება, 2014 წლიდან დღემდე კი 1247 ბავშვი გვყავს იდენტიფიცირებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, 112-ზე ან ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, 1505-ზე დარეკონ და ინფორმაცია მიაწოდონ, რაზეც მობილური ჯგუფი რეაგირებას ახდენს.
“არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ საპატრულო ეკიპაჟსა და მობილურ ჯგუფს გამოვიძახებთ და ხვალ ბავშვი ქუჩაში აღარ დაგვხვდება, რადგან ამ სისტემამ არ იმუშავა. შესაძლოა, თქვენ დარეკეთ და ეს ბავშვი ჩვენ მიერ უკვე იდენტიფიცირებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ხელი მოვკიდოთ, წავიყვანოთ და ჩავკეტოთ. ამ სისტემამ არც ერთ ქვეყანაში არ იმუშავა“- განაცხადა წერეთელმა.
როგორც მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, მობილური ჯგუფის მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ ბავშვების ნდობის მოპოვებაა.
„ჩვენ ადგილზე მივდივართ და უშუალოდ ამ ბავშვებთან, ასევე მათ ოჯახებთან ვმუშაობთ. მობილური ჯგუფი ოჯახთან მუშაობს და ცდილობს, ის პრობლემები აღმოფხვრას, რის გამოც ბავშვი ქუჩაშია გამოსული“, – განაცხადა წერეთელმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში არ ცხადდება ადგილზე მობილური ჯგუფი, რადგან როგორც პირველი არხის ჟურნალისტის, ლიკა ალელიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიდან ირკვევა, ქუჩაში მოწყალების მთხოვნელი ბავშვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მობილური ჯგუფი ადგილზე არ გამოცხადდა, მარი წერეთელმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ჯანდაცვის ცხელ ხაზს ჟურნალისტმა ინფორმაცია მიაწოდა უკვე იდენტიფიცირებული ბავშვის შესახებ, რომელთანაც მობილური ჯგუფი უკვე მუშაობს.
„თუ მოწოდებული ინფორმაცია გადაუდებელ მდგომარეობას არ შეიცავს და მოცემულ მომენტში ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნება, მობილური ჯგუფი ადგილზე მყისიერად ვერ ცხადდება. შესაძლოა, მოცემულ მომენტში მობილურმა ჯგუფმა ადგილზე მისვლა ვერ მოახდინა, მაგრამ თითოეული შემთხვევის აღრიცხვა და შემდგომში რეაგირება აუცილებლად ხდება“, – განაცხადა წერეთელმა.
მარი წერეთელმა ასევე განაცხადა, რომ მობილური ჯგუფი შინაარსით მულტიგუნდია, რომლის შემადგენლობაში არის სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და ძალიან მნიშვნელოვანი წევრი -თანასწორგანმანათლებელი, რომელსაც ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა, ეს ეტაპები გაიარა, რეაბილიტაცია მოახდინა და კარგად იცის, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს რა ენაზე დაელაპარაკოს.