მარი კორკოტაძე - შშმ პირებისთვის ძალიან ბევრი სერვისია შესაქმნელი, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც უამრავი პრობლემაა
მარი კორკოტაძე - შშმ პირებისთვის ძალიან ბევრი სერვისია შესაქმნელი, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც უამრავი პრობლემაა

ვერ წარმოიდგენთ, შშმ პირებისთვის იმდენად ბევრი სერვისია შესაქმნელი, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ძალიან ბევრი პრობლემაა,– ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელმა, მარი კორკოტაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„შშმ ბავშვებს, ვისაც სერვისები არ გააჩნიათ, დასაკარგი დრო არ აქვთ. პრობლემა მხოლოდ ის არ არის, აქვს თუ არა სახელმწიფოს თანხები, რომ ამ ბავშვების თერაპიები დააფინანსოს. მათთვის სერვისებიც კი არ არსებობს. მეტ–ნაკლებად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ამ სერვისების შექმნაზე და განვითარებაზე იზრუნოს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და კერძო ორგანიზაციების ინიციატივებს ვეყრდნობით, სარეაბილიტაციო მომსახურების ცენტრებს როდის შექმნიან“, – განაცხადა კორკოტაძემ.

მისი თქმით, კერძო ორგანიზაციები თერაპიებს ძვირადღირებულს ხდიან, რაც ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელია და იმ ფონზე, როცა სახელმწიფოსგან დაფინანსება არ არის, ფაქტობრივად, ეს ყველაფერი ოჯახების კისერზე გადადის.

„ამის შედეგად ვხედავთ ძალიან ბევრ ოჯახს, რომლებიც სოციალურად დაუცველობისკენ მიექანებიან, რადგან ბავშვების თერაპიის უზრუნველსაყოფად ბანკის ვალებს იღებენ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან“, – განაცხადა კორკოტაძემ.

როგორც კორკოტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შშმ ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, სერვისები ბაღებში მაინც ჰქონდეთ, რადგან მათ დამხმარე სჭირდებათ, ვინც გადაადგილებაში დაეხმარება.

„ვისაც ქცევითი პრობლემა აქვთ, დამხმარე მათაც სჭირდებათ, რათა საგაკვეთილო პროცესში ჩაერთონ. იგივე ხდება სკოლებშიც. ახლა ახალი მინისტრი მოვიდა და ესა თუ ის საკითხი დაიძრა, საქმე წინ მიდის და მე პირადად, პროცესს ძალიან დიდი იმედით შევყურებ. თუმცა, ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა ვაკეთოთ, რადგან ადრეული ინტერვენციის შემთხვევაში შედეგი მეტია და ამ ბავშვებს დასაკარგი დრო არ აქვთ“, – განაცხადა კორკოტაძემ.

მისი თქმით, პროგრამებში საერთოდ არ ჩანან ბავშვები, რომლებსაც ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა აქვთ, რომ მათთვის ცილოვანი პროდუქტის მიცემა არ შეიძლება.

„მათ სჭირდებათ სპეციალური კვება, რომელიც იმდენად ძვირადღირებულია, რომ მშობლები ვერ ყიდულობენ. წარმოიდგინეთ, ერთი კილოგრამი ფქვილი, რომლითაც დედამ პური უნდა გამოაცხოს, 20 ლარი ღირს, 100 გრამი მაკარონი კი 7–8 ლარი. თუ ეს ბავშვები ასეთ კვებაზე არ იქნებიან, შესაძლოა, დაიღუპონ და ამ დროს სახელმწიფო მათ კვებას არ აფინანსებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მგონი, სულ 500 ბავშვია, ვისაც ასეთი კვება სჭირდება და არა მგონია, სახელმწიფოსთვის მათი კვების დაფინანსება პრობლემა იყოს“, – განაცხადა მარი კორკოტაძემ.