მარგუს ცაჰკნა - საქართველოსთვის ევროკავშირის მიმართულებით არ იქნება რაიმე სახის შემდგომი ნაბიჯი, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის მოქმედებებს
მარგუს ცაჰკნა - საქართველოსთვის ევროკავშირის მიმართულებით არ იქნება რაიმე სახის შემდგომი ნაბიჯი, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის მოქმედებებს

საქართველოსთვის ევროკავშირის მიმართულებით არ იქნება რაიმე სახის შემდგომი ნაბიჯი, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის მოქმედებებს, თუ უკან არ წაიღებს უცხოელი აგენტების კანონს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მიმართულებით არ მიდის.

მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საუბარი შეეხება საქართველოში სხვადასხვა ფონდის მხარდაჭერას. ასევე, მისივე თქმით, ისაუბრებენ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის შენგენის ვიზის აკრძალვაზე.

„დღეს სამწუხარო დღეა, რადგან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვმსჯელობთ. საქართველოს მთავრობა არ მიდის ევროკავშირის მიმართულებით, არამედ პირიქით. ხვალ კი დიდებული დღეა, რადგან ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ ოფიციალური მოლაპარაკებები უკრაინასთან, მოლდოვასთან და ასევე დასავლეთ ბალკანელებთან. უკრაინა არის ძრავა გაფართოების პროცესში და ესტონეთი მხარს უჭერს გაფართოებას ბუნებრივად, რადგან გაფართოების პროცესის გარეშე ჩვენ ევროპაში გვექნება ნაცრისფერი ზონები, რომლებიც არ არის დაცული. ჩვენ გვჭირდება მეტი ხალხი და მეტი ქვეყანა ევროკავშირში, რომ გვქონდეს სტაბილურობა.

პირველი მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის არის, რომ არ იქნება რაიმე სახის შემდგომი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირის მიმართულებით, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის თავის მოქმედებებს, თუ უკან არ წაიღებს უცხოელი აგენტების კანონს. არის სხვადასხვა ზომის სია, რომელიც კომისიამ მოამზადა. ასევე იქნება საუბარი საქართველოში სხვადასხვა ფონდის მხარდაჭერაზე, იქნება საუბარი შენგენის ვიზის აკრძალვაზე მაღალჩინოსნებისთვის, ბევრი სხვა ასპექტი. ასე რომ, საქართველოსთვის სიტუაცია სერიოზულია და ყველა ეს პასუხისმგებლობა არის საქართველოს მთავრობაზე, რადგან საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირისკენ გზას. ერთი თვის წინ ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი საქართველოში და ვხედავთ, რაც ხდება. ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზომების მიღება და გვჭირდება სიცხადე“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღეს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოც.