მარგუს ცაჰკნა - ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გზაზე, რომელიც მცირედით კვეთს რუსეთის ტერიტორიას, შენიშნეს შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო, დროებით შევაჩერეთ ამ გზაზე მოძრაობა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ინფორმაცია ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე დაძაბული სიტუაციის შესახებ გაზვიადებულია და ვითარება რჩება კონტროლის ქვეშ.
„ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით არის გზა, რომელიც მცირედით კვეთს რუსეთის ტერიტორიას. ადგილობრივ მოსახლეობას უფლება აქვს, ისარგებლოს ამ გზით შეჩერების გარეშე. პარასკევს კი იქ შენიშნეს შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო, რომლებიც რუსეთის მხარეს იდგნენ. შესაძლო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ დროებით შევაჩერეთ მოძრაობა ამ გზაზე“, – წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავენ ამ გზის გამოყენების სრულად შეწყვეტას.
„რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით ალტერნატიული მარშრუტი უკვე არსებობს, ახალი გზის მშენებლობაც მიმდინარეობს. არსებული სიტუაცია ისტორიული ანომალიაა. საზღვარზე არაფერი მწვავე არ ხდება. რუსები უფრო თამამად და თვალსაჩინოდ მოქმედებენ, ვიდრე ადრე, მაგრამ სიტუაცია კვლავ კონტროლის ქვეშაა“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.