მარგოტ ვალსტრომი - შვედეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ძლიერ მხარდამჭერად რჩება
საქართველოს კონფლიქტების გადაჭრის გასაღები ჟენევის დიალოგში დევს, – ეს განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვალსტრომიმ საქართველოს, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერენ.
„ამ დიალოგის გაძლიერება ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის აუცილებებლია. ძალიან ვწუხვარ, რომ ორი წელი აქ არ ვყოფილვარ. შვედეთი საქართველოს ევროპული სულისკვეთებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან ძლიერ მხარდამჭერად დარჩება. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესირებადი წევრი საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებს. თქვენ ძალიან წარმატებული ხართ და ეს ჩვენს ანგარიშებში აღიარებულია. თქვენი ინსტიტუტების გასაძლიერებლად მომავალში კიდევ მეტი მუშაობა მოგვიწევს. ევროკავშირთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები იმ გზის დასაწყისია, რომელმაც ევროპამდე უნდა მიგვიყვანოს. როგორც თქვენი მეგობრები და მხარდამჭერები შვედეთი და პოლონეთი ძალიან დიდი მოლოდინებით ვართ გამსჭვალული და საქართველოსგან დიდ წარმატებებს მოველით“, – განაცხადა შვედეთის პირველმა დიპლომატმა.
მარგოტ ვალსტრომმა აქცენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტზეც გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ სამიტი წარმატებული იქნება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ტარდება და ჩვენ ამ სამიტზე და მომავალ ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი წარმატებული იქნება. ჩვენ აქ საქართველოს მხარდაჭერის დასადასტურებლად ჩამოვედით. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მთელი იდეაა. ჩვენ გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ევროპის კავშირის დღის წესრიგში დარჩეს. ჩვენ ამ პროცესის მხარდამჭერად და მეგობრად ვრჩებით“, – განაცხადა მარგოტ ვალსტრომიმ.