მარგოტ ვალსტრომი - აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არსებობს ვაკუუმში, არამედ ის იცვლება იმის მიხედვით, რა შიდა პრობლემებია ევროკავშირში
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი როდესაც ვიყავი, განვიხილავდით, როგორ შეგვეძლო ჩვენს სამეზობლოსთან პარტნიორობის გაფართოება, გვინდოდა, ჩვენს პარტნიორობას მოეცვა ყველა ჩვენი მეზობელი, ამის შემდეგ საქართველოში დაიწყო ომი, ეკონომიკური კრიზისი, ყველაფერი შეიცვალა, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „პარტნიორობის 10 წელი, პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არსებობს ვაკუუმში, არამედ ის იცვლება იმის მიხედვით, რა შიდა პრობლემებია ევროკავშირში.
„პირველ ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან რთული ატმოსფერო იყო, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი მარცვლები ითესებოდა. მაშინ მე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. მახსოვს, როგორ განვიხილავდით, როგორ შეგვეძლო გაგვეფართოებინა პარტნიორობა ჩვენს სამეზობლოსთან. ჩვენ გვქონდა ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის მიმართულებები. გვინდოდა იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენს პარტნიორობას მოეცვა ყველა ჩვენი მეზობელი. ეს იყო განსხვავებული დრო. ამის შემდეგ დაიწყო ომი საქართველოში, დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, ყველაფერი შეიცვალა. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არსებობს ვაკუუმში, არამედ ის იცვლება იმის მიხედვით, რა შიდა პრობლემებია ევროკავშირში. ვფიქრობ, ეს პროგრამა არის წარმატება. უნდა დავარქვათ მას თავისი სახელი – ეს იყო დიდი წარმატება. ჩვენ აქ მყოფებმა, ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტად“, – განაცხადა მარგოტ ვალსტრომმა.