მარცხნივ გავიქეცი, მცველი კი ჰოთ-დოგის საყიდლად წავიდა - რჩეული ფრაზები იბრაჰიმოვიჩისგან, რომელიც შვედეთის ნაკრებს საქართველოში დაუბრუნდება [ვიდეო] #1TVSPORT

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა და 11 ნოემბერს ბათუმში, საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გვესტუმრება. „მილანის“ თავდამსხმელი, შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, რომელიც შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად 2006-2015 წლებში 11-ჯერ დასახელდა.

მას სანაკრებო კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში არ უთამაშია. თუმცა 2021 წლის მარტში ლურჯ-ყვითელთა შემადგენლობაში საქართველოსთან მატჩამდე დაბრუნდა. მიზანი ევროპის ჩემპიონატზე თამაში და კარიერის ტიტულით დასრულება იყო, მაგრამ ტრავმის გამო „ევრო 2020“ გამოტოვა.

იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის მიიჩნეოდა განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ფეხბურთელად, რომელსაც არაერთი ულამაზესი გოლი აქვს გატანილი. იტალიაში მას მეტსახელად „იბრაკადაბრა“ შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ შვედი 197 სანტიმეტრია, იგი შესანიშნავ ტექნიკას ფლობს და ფიზიკურად ძლიერია.

იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთია იმ თერთმეტ მოთამაშეს შორის, რომელსაც შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში 100 ან მეტი მატჩი აქვს ჩატარებული 20-წლიან საერთაშორისო კარიერაში. ის ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირია 62 გოლით.

მან წარმოადგინა შვედეთი 2002 და 2006 წლებში მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე 2004, 2008, 2012 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატებზე. ის შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად (Guldballen – ოქროს ბურთი) რეკორდულად ბევრჯერ – 12-ჯერ აღიარეს, მათ შორის ზედიზედ 10-ჯერ 2007 წლიდან 2016 წლამდე. იბრაჰიმოვიჩმა „მაკრატელათი“ ინგლისთან გატანილი გოლით 2013 წელს ფიფა-სგან პუშკაშის ჯილდო დაიმსახურა.

იბრაჰიმოვიჩი დასახელდა 2013 წლის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. ხოლო უეფა-მ წლის გუნდში ოთხჯერ (2007, 2009, 2013, 2014 წლებში) შეიყვანა. 2015 წელს, უეფა-მ დაასახელა საუკეთესოდ იმ მოთამაშეთა შორის, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგიათ. 2014 წლის დეკემბერში, გაზეთმა Dagens Nyheter შვედეთის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენებში ჩოგბურთელ ბიორნ ბორგის შემდეგ მეორე ადგილზე დაასახელა.

მოედნის მიღმა იბრაჰიმოვიჩი ცნობილია თავისი თავხედური და სახალისო კომენტარებით. ის საკუთარ თავს მესამე პირში მიმართავს. ხანდახან ისე ჩანს, რომ დიდი შვედი ცხოვრობს იმისთვის, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი მოედნის მიღმაც ისე გაართოს, როგორც ამას მოედანზე აკეთებს. „მილანისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელს არც კლასი ღალატობს და არც – ენა. გთავაზობთ ზლატანის საუკეთესო ციტატებს.

როგორ ჩამოვიშორე სტეფან ანჩო:

„მარცხნივ გავიქეცი, გამომეკიდა. შემდეგ მარჯვნივ გადავედი და იქაც გამომყვა. მაგრამ ისევ მარცხნივ რომ შევტრიალდი, ის ჰოთ-დოგის საყიდლად წავიდა“.

ჯონ კერიუს კრიტიკის შემდეგ:

„რასაც ის აკეთებს ბურთთან, მე შემიძლია ფორთოხლით გავაკეთო“.

ერთ-ერთმა რეპორტიორმა ქალმა ჰკითხა მისი და ჟერარ პიკეს ფოტოზე, სადაც ჩახუტებულები არიან:

„მოდი ჩემს სახლში შენს დასთან და გაჩვენებ, ვინ არის გეი!“

რა უყიდა ზლატანმა ცოლს დაბადების დღეზე:

„არაფერი, მას უკვე ზლატანი ჰყავს“.

პეპ გვარდიოლას სიბრძნე:

„გვარდიოლას თითქმის არ ვუსმენდი. რატომ? ეს იყო სისულელე სისხლის, ოფლის, ცრემლების და მსგავსის შესახებ“.

იმაზე, რომ „ბარსაში“ ვერ იყენებდნენ:

„მათ იყიდეს ფერარი, მაგრამ მართავენ როგორც „ფიატს“.

პეპი ჟოზეს წინააღმდეგ:

„მოურინიო გვარდიოლას საპირისპიროა. მოურინიო ოთახს ანათებს, გვარდიოლა ფარდებს აფარებს“.

მარიო ბალოტელის ფეიერვერკის ინციდენტის შესახებ:

ფეიერვერკებიც მიყვარს, მაგრამ არასოდეს წამიკიდებია ცეცხლი საკუთარი სახლისთვის“.

დაბოლოს:

„არა ზლატანი? არაა საღამო!“