ბოლო ტურში „ჯვაროსნები“ ლიდერს უმასპინძლებენ - საქართველოს ჯგუფში პირველზე შვედეთია #1TVSPORT 
ბოლო ტურში „ჯვაროსნები“ ლიდერს უმასპინძლებენ - საქართველოს ჯგუფში პირველზე შვედეთია #1TVSPORT 

შვედეთის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ერთი ნაბიჯი აშორებს. იან ანდერსონის გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა და B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, გალიდერდა.

სოლნასფრინდ არენაზე“ გამართული შეხვედრა ფინალივით მნიშვნელოვანი იყო, რომელშიც ბერძნებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს. შვედეთის ნაკრებმა მეტოქეს შინ ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

თუმცა, შვედებისთვის ყველაფერი ცუდად დაიწყო – გიორგი მასურასს ლაინსმენმა თამაშგარე დაუფიქსირა და სწრაფი გოლი არ ჩაუთვალა. მერე მანვე ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო ვანგელის პავლიდისის თავურის შემდეგ შვედები ხარიხამ იხსნა.

მეორე ტაიმში შვედებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. 59-ე წუთზე კონსტანტინე მავროპანოსმა ალექსანდრ ისაკი საკუთარ საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ემილ ფორსბერგმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. 10 წუთში კი სტუმართა კარი მეორედ თავად ისაკმა აიღო. 86-ე წუთზე საბერძნეთი კაცნაკლული დარჩა, რადგან 8 წუთში პანტელის ჰაძიდიაკოსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შვედებმა შეხვედრა მოგებამდე მიიყვანეს 2:0.

შვედეთის ნაკრებმა ამ მოგებით 15 ქულა დააგროვა, ესპანეთს (13) გადაასწრო და B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. შემდეგ ტურში შვედები 11 ნოემბერს, ბათუმში საქართველოს ნაკრებს ესტუმრებიან. ამ შეხვედრაში შესაძლოა, ბევრი რამ გაირკვეს. ესპანელები კი ათენში საბერძნეთს შეებრძოლებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი B ჯგუფის კალენდარი

11 ნოემბერი

საქართველო – შვედეთი. ბათუმი

საბერძნეთი – შვედეთი. ათენი

14 ნოემბერი

საბერძნეთი – კოსოვო. ათენი

ესპანეთი – შვედეთი. სევილია.