მარადიშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა - სტამბოლში „ლოკომოტივის“ მოთამაშეებს ბოთლები ესროლეს #1TVSPORT
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, „გალათასარაიმ“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა. ეს შეხვედრა იმით იყო საინტერესო, რომ მოსკოველთა შორის თავი წარმოშობით ქართველმა კონსტანტინე მარადიშვილმა გამოიჩინა.
„თურქ ტელეკომ“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში თურქული კლუბის ფეხბურთელმა სოფიან ფეგულიმ ანგარიში 43-ე წუთზე გახსნა. 72-ე წუთზე მარადიშვილმა საჯარიმოში პასი მიიღო და კარის გასწვრივ დაარტყა, ფრანსუა კამანომ კი ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის ბოლოსკენ ვითარება დაიძაბა. უკვე დამატებულ დროში, „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა დიმიტრი ბარინოვმა დროის გაჭიანურება დაიწყო, რაც თურქული კლუბის ფეხბურთელებს არ მოეწონათ. შედეგად, დაიწყო დიდი შეტაკება, რომელშიც ორივე გუნდის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ტრიბუნებიდან მოთამაშეებს ბოთლები და ჭიქები ესროლეს.
„გალათასარაის“ მეკარე ფერნანდო მუსლერი, რომელიც გუნდის კაპიტანია, ტრიბუნისკენ წავიდა – გულშემატკივრების დამშვიდება დაიწყო. შედეგად, ყვითელი ბარათი არბიტრმა სამ მოთამაშეს აჩვენა – ბარინოვს, დიმიტრი ჟივოგლიადოვს და „გალათასარაის“ ფორვარდ მბაიე დიანს.
მოსკოვში გუნდების პირველი შეხვედრა თურქული კლუბის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. „ე“ ჯგუფის სატურნირო ცხრილის სათავეში 8 ქულით „გალათასარაი“ მოექცა, ხოლო „ლოკომოტივმა“ ორი ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა.