პასპორტს დაჩქარებულ რეჟიმში მიიღებს - საქართველოს ნაკრებს მალე მარადიშვილი შეუერთდება #1TVSPORT
პასპორტს დაჩქარებულ რეჟიმში მიიღებს - საქართველოს ნაკრებს მალე მარადიშვილი შეუერთდება #1TVSPORT

კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს პასპორტის მფლობელი გახდება, საფეხბურთო მოქალაქეობის მიღების ბოლო ეტაპზეა და საქართველოს ნაკრებში ივნისის მატჩებისთვის გამოიძახებენ, – ინფორმაციას RB Sport-ი ავრცელებს.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ 23 წლის ნახევარმცველი რუსეთის ნაკრების კანდიდატი იყო, მაგრამ არასოდეს გამოუძახებიათ. ამიტომ მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს უპრობლემოდ შეძლებს.

„ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს პასპორტის აღების პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს და რეალურია, რომ მარადიშვილმა საქართველოს ნაკრებში მალე ითამაშოს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მარადიშვილის იმედი აქვთ და ფეხბურთელის გამოძახებას ივნისში დაგეგმილი ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის აპირებენ“, – ამტკიცებს გამოცემა.

მარადიშვილს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვს, იყო რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ცსკა-დან მისი ტრანსფერი შვიდ მილიონ ევროდ გამოისყიდა.

მარადიშვილი თამაშობს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, რაც საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რგოლად მიიჩნევა. რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ფეხბურთელის მამა, კობა მარადიშვილი თავადაც ფეხბურთელი იყო და „თეთრი არწივში“ თამაშობდა.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებები არიან. 17 ივნისს ქართველი ფეხბურთელები კვიპროსელებს სტუმრად დაუპირისპირდებიან, ხოლო 20 ივნისს – შოტლანდიელებს.