სფფ-ს პოზიცია მარადიშვილის საკითხზე - თუ სიახლე იქნება, ფედერაცია განმარტებას გააკეთებს #1TVSPORT
სფფ-ს პოზიცია მარადიშვილის საკითხზე - თუ სიახლე იქნება, ფედერაცია განმარტებას გააკეთებს #1TVSPORT

რა სტადიაშია კონსტანტინე მარადიშვილის ნატურალიზაციის საკითხი, წარმოშობით ქართველი მოთამაშის, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია?

ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვეს, სფფ-ს პოზიცია კი ნაკრების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ოთარ გიორგაძემ განმარტა.

„ჯერ ამის თაობაზე ახალს ვერაფერს ვიტყვით. ბევრი დეტალია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ფიფა-ს რეგულაციები. თუ რაიმე სიახლე იქნება, ფეხბურთის ფედერაცია განმარტებას გააკეთებს“, – ამბობს ოთარ გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ მაისში Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკება დაასრულა და უახლოეს პერიოდში კონსტანტინე (კოტე) მარადიშვილს ეროვნულ ნაკრებში ვიხილავთ. ეს ცნობა რუსულმა მედიამაც დაადასტურა.

23 წლის საყრდენ ნახევარმცველს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, მაგრამ ეროვნულ გუნდში მიწვევა არასდროს მიუღია. შესაბამისად, მას საქართველოს ნაკრებში უპრობლემოდ შეუძლია თამაში.

მარადიშვილის სატრანსფერო ფასი ამჟამად ორი მილიონი ევროა. უკრაინაში ომის დაწყებამდე მისი საბაზრო ღირებულება 3.5 მილიონი ევრო იყო, თუმცა მეზობელ ქვეყანაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ფასი საგრძნობლად დაეცა.