საზონოვის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში მარადიშვილმაც ითამაშოს - თუმცა, „ლოკომოტივს“ ქართული ფედერაციიდან არ დაკავშირებიან #1TVSPORT
საზონოვის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში მარადიშვილმაც ითამაშოს - თუმცა, „ლოკომოტივს“ ქართული ფედერაციიდან არ დაკავშირებიან #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ლოკომოტივის“ მოთამაშეს, მარადიშვილს არ დაკავშირებია – ასე გამოეხმაურა გამოცემა Metaratings.ru ცნობილი კომენტატორის ალექსეი ანდრონოვის ნათქვამს, რომ საბა საზონოვის შემდეგ, საქართველოს სასარგებლოდ არჩევანს კონსტანტინე მარადიშვილიც გააკეთებს.

ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა საბა საზონოვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებაზე თავის ტელეგრამ-არხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ 22 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილის შესაძლო არჩევანიც ახსენა.

„მოსკოვის „დინამოს“ მცველი საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებში თამაშის ვარიანტს რომ განიხილავდა, მე ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს მოვისმინე. ინსაიდერებმა არ დამაღალატეს. რაც საზონოვმა გააკეთა – აბსოლუტურად გასაგებია. მან საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღო. ამის უფლება ჰქონდა. რუსეთისაზე კი უარი თქვა. ლოდინს აზრი არ აქვს. (რუსეთისთვის) ევრო 2024 არ იქნება. ბოსნიასთან მატჩი 95%-ით არ ჩატარდება. ყირგიზეთთანაც პრობლემაა… ფეხბურთელმა კი უნდა ითამაშოს. საქართველო ერთა ლიგის ცეცხლშია (10 ქულა 4 მატჩში) და ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით შესანიშნავი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ. ჩემი ინფორმაციით, შემდეგი მარადიშვილია“, – განაცხადა ალექსეი ანდრონოვმა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან „ლოკომოტივს“ კონსტანტინე მარადიშვილის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესახებ არანაირი წინადადება არ მიუღია“, – ამას Metaratings.ru იუწყება.

წარმოშობით ქართველი კონსტანტინე მარადიშვილი რუსეთში გაიზარდა. არის რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, სადაც 5 მატჩი ჩაატარა. 2021 წელს მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ცსკა-დან 5 მილიონ ევროდ გადაიყვანა. მისი მამა, კობა მარადიშვილიც ფეხბურთელი იყო და „თეთრ არწივში“ თამაშობდა.

19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის „დინამოს“ 20 წლის მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, რაზეც ასეთი შეფასებაც გაკეთდა – „რუსეთის ნაკრებმა პერსპექტიული მცველი დაკარგა“. მანამდე კი საქართველოს სახელით თამაშის სურვილი რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა შემტევმა, „სოჭის“ მოთამაშე გიორგი მელქაძემ გამოთქვა.