ფიფა-მ კონსტანტინე მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება მისცა #1TVSPORT
ფიფა-მ კონსტანტინე მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება მისცა #1TVSPORT

კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა Europop-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ფიფას-თან მარადიშვილის საკითხზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ. ფეხბურთელს მაშინაც ჰქონდა და დღესაც აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი. ფიფა-სგან დასტური მივიღეთ, კონსტანტინე მარადიშვილს შეუძლია საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში.

ჩვენი გუნდი მუდმივი სელექციის პროცესშია და აკვირდება ყველა იმ ფეხბურთელს, რომელსაც ქართული წარმომავლობა აქვს. მნიშვნელოვანია როგორც ფეხბურთელის მონაცემები, ასევე სურვილი და მონდომება, იასპარეზონ საქართველოს სახელით.

ყველა სანაკრებო დონეზე ჩვენი მიზანია, რომ კონკურენცია გაიზარდოს და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრები გუნდების მწვრთნელებს მეტი არჩევანი ჰქონდეთ, დანარჩენი კი მათი გადასაწყვეტია, გამოიძახებენ თუ არა ამა თუ იმ ფეხბურთელს კონკრეტული მატჩისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა Europop-თან ინტერვიუში.

23 წლის ფეხბურთელი საყრდენი ნახევარმცველია. მარადიშვილი რუსეთში გაზრდილი მეორე ფეხბურთელია საბა საზონოვის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.

კონსტანტინე მარადიშვილი დაიბადა 2000 წლის 7 თებერვალს მოსკოვში. თამაშობდა მოსკოვის ცსკა-ში, საიდანაც 2021 წლის 2 სექტემბერს შვიდი მილიონი ევროს სანაცვლოდ მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა. 2023 წლის 23 დეკემბერს მარადიშვილი იჯარით „ნიჟნი ნოვგოროდს“ შეუერთდა.

იყო რუსეთის ნაკრების კანდიდატი. 2021 წლის ოქტომბერში კვიპროსისა და ხორვატიის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გამოიძახეს, მაგრამ შეკრებაზე არ გამოცხადდა.