„მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ყველა, რომ მოასფალტებული ხეების მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს“
თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ისაუბრა, რომლებზეც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების მოასფალტების ფაქტია ასახული.
კახა კალაძემ კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურებს მიმართა, გააფრთხილონ ყველა, რათა მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონდეს.
„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კონკრეტული ფოტოები, რომელზეც არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სამწუხაროდ, არ ვიცი ეს კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა, თუ შეცდომა მოუვიდა, მაშინ ეს სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა და კიდევ უფრო უბედურებაა. ეს არის ხეების მოასფალტება, ეს რაღაც სიახლეა, ახალია რაღაც. მინდა, კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურებს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან მომავალში ვერ ვიმუშავებთ. ამიტომ მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ყველა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული. ასე რომ, გავითვალისწინოთ ყველაფერი, რათა შემდგომში არ განმეორდეს, ვინაიდან ეს შემდგომ სოციალურ ქსელში ქილიკის საგანი ხდება“, – განაცხადა კახი კალაძემ.