ნიუ-იორკის პოლიცია ადასტურებს, რომ მანჰეტენზე აფეთქების ბრალდებით ერთი მამაკაცია დაკავებულია, რომელიც დაშავებულია.
ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად მეტი არავინ დაშავებულა. როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, ეჭვმიტანილს სხეულზე მიმაგრებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა, რომელიც ამოქმედდა. დაკავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტი პიკის საათის დროს, ადგილობრივი დროით დილის 07:30 საათზე მოხდა. აფეთქება 42-ე ქუჩისა და მერვე ავენიუს კვეთაზე, „თაიმს სქვერის“ მახლობლად მდებარე Port Authority-ს ავტობუსების სადგურში, სავარაუდოდ მეტროს ბაქანზე მოხდა. Port Authority-ს ავტობუსების ტერმინალი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო ჰაბია.
აფეთქებამ მანჰეტენზე ქაოსი გამოიწვია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, გამნაღმველები, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ახლომდებარე დაწესებულებიდან, მათ შორის მეტროს სამი ხაზიდან ევაკუირებულია ხალხი.