მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს მაიკლ კოენს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მან გადასახადებისგან თავის არიდებაში, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში, კონგრესისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალი აღიარა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, ელოდება, რომ მის ყოფილ ადვოკატს, მაიკლ კოენს სასამართლო მკაცრ განაჩენს გამოუტანს. BBC-ის ცნობით, დონალდ ტრამპთან მუშაობის დროს კოენმა თქვა, რომ მზად არის, პრეზიდენტის გამო ტყვიას აღუდგეს წინ.
დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი ამჟამად სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ოფისთან თანამშრომლობს, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და ტრამპის მოსკოვთან შესაძლო კავშირებს იძიებს.
ნოემბრის ბოლოს კოენმა ჩვენებების მიცემის დროს განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან დონალდ ტრამპის სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას. დონალდ ტრამპი აღნიშნულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს, გამოძიებას კი „ალქაჯებზე ნადირობად“ აფასებს.