პრემიერლიგის ლიდერმა “მანჩესტერ სიტიმ” თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ახალი შენაძენი წარადგინა – ცენტრალური მცველი ემერიკ ლაპორტი. 23 წლის ფეხბურთელში ინგლისელებმა დაახლოებით 70 მილიონი ევრო გადაიხადეს. ბასკური წარმოშობის ფრანგმა უკვე გააფორმა “სიტისთან” კონტრაქტი, რომლის ხანგრძლივობა 6 წელია.
მიმდინარე სეზონში ლაპორტმა ყველა ტურნირში 30 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ “ბილბაოში” მას 222 მატჩი, 10 გოლი და 6 გადაცემა დაუგროვდა.
ამ გარიგების შემდეგ, ლაპორტი მეორე ყველაზე ძვირად ღირებული მცველია ფეხბურთის ისტორიაში ლივერპულელი ვირჯილ ვან დეიკის (78.8 მილიონი ევრო) შემდეგ.
პეპ გვარდიოლას პერიოდში, “მანჩესტერ სიტიმ” ტრანსფერებზე 500 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა. აქედან 320 მილიონი – მცველებსა და მეკარეებზე.
ლაპორტი გვარდიოლას გუნდში მე-14 ნომრით ითამაშებს.