მამუკა წოწერია - პარამეტრები დავამტკიცეთ მათთვის, ვისაც მიცვალებულის მჯდომარედ დაკრძალვის სურვილი ექნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი განიხილეს.
საკრებულომ მიიღო დადგენილება, სადაც ნათქვამია, რომ საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1. 2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას – არანაკლებ 1 მეტრისა.
ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მიცვალებულის მჯდომარედ დაკრძალვის წესი დაამტკიცა, რაც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ უარყო.
„ყველგან არის განსაზღვრული დაკრძალვის ფორმა. მათ შორის არის მჯდომარეც. სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებს სხვადასხვა წესით კრძალავენ. რაც ნებისმიერ ნორმატიულ აქტში წერია. მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა საქართველოშიც და სამეგრელოშიც არსებობდა. ჩვენ კი არ შემოვიღეთ ამ წესით დაკრძალვა, არამედ ვისაც სურვილი ექნება, ამ ფორმით დაკრძალოს მიცვალებული, მათთვის და საერთოდ დაკრძალვის ყველა ფორმისთვის პარამეტრები დავამტკიცეთ”, – განაცხადა წოწერიამ.
ამასთან, ზუგდიდის საკრებულომ მიიღო დადგენილება ყოველ საფლავზე 12. კვ.მ ფართობის გამოყოფის შესახებ და მისი საფასური 60 ლარი იქნება. ასევე იმსჯელეს მარტოხელა, უპატრონო და დევნილთა დაკრძალვაზე, ამ ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება გაიღებს.