მამუკა ვასაძე - როგორც სტრუქტურა, ვიღებ კრიტიკას ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
მამუკა ვასაძე - როგორც სტრუქტურა, ვიღებ კრიტიკას ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

როგორც სტრუქტურა, მე ვიღებ კრიტიკას ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გამომძიებელი, ან სტრუქტურა იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, „ფაქტი სახეზეა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სახელმწიფომ და პროკურატურამ ვერ უზრუნველყო სრულყოფილი, სწრაფი გამოძიების ჩატარება“.

„როგორც სტრუქტურა, მე ვიღებ ამ კრიტიკას დამსახურებულად, ამის შესახებ ღიად და პირდაპირ ჩემი აზრის დაფიქსირება არ მიჭირს. რთული საქმე იყო, თუმცა სხვადასხვა გამოწვევებით ხასიათდებოდა ეს სისხლის სამართლის საქმე. მე რაც მახსენდება, ეს არის იმ საქმეთაგანი, სადაც ევროპულმა სასამართლომ დააგინა, როგორც მატერიალური, ისე პროცედურული დარღვევა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრა, საქართველოს სახელმწიფოს ამ კონკრეტული პირებს გარდაცვალებასთან დაკავშირებით და იმსჯელა გამოყენებული ძალის პროპორციულობაზე. ასევე პროცედურული დარღვევა, რაც დაკავშირებული იყო სირთულეებთან და 2006 წლის ფაქტთან დაკავშირებით, პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2015 წელს იქნა მიცემული. ეს არაგონივრული დროა გამოძიებისთვის. არაგონივრული დროა იგივე სწრაფი მართლმსაჯულებისთვის და დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფიკებისთვის. ამავდროულად, დაემთხვა ისიც, რომ 2015 წლის თებერვალში დავაყენეთ პასუხისმგებლობის საკითხი, იანვარში უკვე მოხდა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება.

ამ საქმის დაქვემდებარებისთანავე, პირველი შეხვედრა მქონდა დაზარალებულთან, იური ვზაგაშვილთან, რადგან დიდი ინფორმაციის მატარებელი იყო ამ სისხლის სამართლის საქმეზე. არც იმის თქმა მომერიდება, რომ დასაბუთებული უნდობლობა ჰქონდა საგამოძიებო ორგანოების მიმართ. ამის არგუმენტირებული პასუხია გაცემა მაშინ მე, ვერ შევძელი, თუმცა მქონდა მოლოდინი, გარკვეული დრო მოვითხოვე საქმის შესწავლისთვის, რომ მასთან კვალიფიციური საუბარი შემძლებოდა”, – განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, საქმის გამოძიების დროს დაიკითხნენ ის მოწმეები, რომლებიც ძველი გამოძიების პერიოდში არ იყვნენ იდენტიფიცირებული.

„მიუხედავად ამისა მაინც დადგინდა პროცესუალური დარღვევა (სტრასბურგის სასამართლოს მიერ). როგორც უწყება, ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გამომძიებელი, რომელი პროკურორი ან რომელი სტრუქტურა იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, ფაქტი სახეზეა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სახელმწიფომ, (აქ საუბარი არ არის რომელ წლამდე ან რომელი წლის შემდგომ პერიოდში იყო და ა.შ.) სახელმწიფომ და პროკურატურამ ვერ უზრუნველყო ის, რომ ჩაეტარებინა სრულყოფილი, სწრაფი გამოძიება და მიეღო შედეგი“, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭშო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილესთან, მამუკა ვასაძესთან გასაუბრება უკვე დასრულდა. ამჟამად საბჭოს წევრების კითხვებს მოსამართლე მაია ვაჩაძე პასუხობს.