მამუკა ვასაძე - მე და შალვა თადუმაძემ მოსამართლეობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ გადაწყვეტილება
მამუკა ვასაძე - მე და შალვა თადუმაძემ მოსამართლეობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ გადაწყვეტილება

მე და შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს კანდიდატობასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იცოდა თუ არა მან, რომ მისი რეკომენდატორი, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ ეტაპზე მისი კონკურენტი იქნებოდა.

„სიმართლე გითხრათ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ გადაწყვეტილება. თუმცა, მე, ბუნებრივია, როცა მივიღე გადაწყვეტილება გამოვუცხადე ჩემს ხელმძღვანელს, რომ ასეთი სურვილი მაქვს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისგანაც მივიღე დასტური და თვითონაც გამიმხილა, რომ მეც მაქვს ასეთი სურვილიო“, – განაცხადა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ.

მისივე თქმით, რეკომენდატორ პირად შალვა თადუმაძე იქიდან გამომდინარე შეირჩა, რომ გააჩნია ინფორმაცია მის შესახებ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს წევრებმაც დამისვეს კითხვა. რეკომენდატორები შეირჩა იმ კრიტერიუმით, ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს ჩემს შესახებ, ვისაც მეტად შეუძლია ჩემი დადებითი ან უარყოფითი, კომპეტენციის ან კეთილსინდისიერების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საბჭოსთვის. აქედან გამომდინარე შეირჩა რეკომენდატორად ბატონი შალვა თადუმაძე“, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.