მამუკა ვასაძე არ აკონკრეტებს, გამოკითხავენ თუ არა სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საქმეზე
გამოკითხავენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საქმეზე, მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე არ აკონკრეტებს.
როგორც მან პარლამენტში გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია.
„დაიკითხება ყველა პირი, რომელსაც შესაძლებელია შემხებლობა ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს არის მიმდინარე გამოძიება. ყველა ჩემი კომენტარი შესაძლებელია, იყოს არასწორად ინტერპრეტირებული, ან დამაზიანებელი იყოს გამოძიებისთვის“, – განაცხადა ვასაძემ.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამ დროისთვის შეწყალების საქმეზე 11 პირია გამოკითხული, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი. ასევე დაზარალებული მხარის წარმომადგენლები, დავით ოთხმეზურის მამა – გიორგი ოთხმეზური და მოკლული იოსებ ქოიავას მამა თამაზ ქოიავა.