მამუკა მურჯიკნელი - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოსთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობას, რომ მეტი ტვირთი ვნახოთ შუა დერეფანში, გვჭირდება მეტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში
ვფიქრობ, ძალიან კარგი ფორუმია, ბევრი მოთამაშეა ჩამოსული, მით უმეტეს, პირველი პირები რეგიონიდან და ის ხალხი, ვინც რეალურად გადაწყვეტილების მიმღებია, რათა დერეფანში იაროს ტვირთმა, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტრანსპორტირების და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა მურჯიკნელმა განაცხადა.
მისი თქმით, კარგია ასეთი ინიციატივები და შეკრებები, ბევრი პერსპექტივა ჩნდება.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გააჩენს ახალ შესაძლებლობას, რომ განვითარდეს ჩვენი ინფრასტრუქტურა და უფრო მეტი ტვირთი ვნახოთ ჩვენს შუა დერეფანში. გვჭირდება მეტი ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, ეს არ არის მხოლოდ პორტები, ეს არის სასაწყობე მეურნეობები, სავაგონე პარკი. რაც შეიძლება მეტი ფული უნდა ჩაიდოს ამ მიმართულებით, მათ გასავითარებლად.
ჩვენ გვექნება შეხვედრები სხვადასხვა ფონდთან, ასევე სხვადასხვა მოთამაშესთან ცენტრალური აზიიდან, რომლებიც ჩართული არიან გადაზიდვებში. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის ის, რომ ინფრასტრუქტურა გვაკლია და უნდა განვავითაროთ, უნდა შევქმნათ მეტი სასაწყობე მეურნეობა. ახალი პორტი უნდა განვითარდეს და ამაში მონაწილეობა რკინიგზამაც უნდა მიიღოს“, – განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა.