მამუკა მუმლაძე - ტაქსის მძღოლები შეთანხმებას არღვევენ, ორთაჭალის ავტოსადგურს საერთაშორისო რეისებისთვის იყენებენ
ტაქსის მძღოლების პროტესტს თბილისის მერიაში გამოეხმაურნენ. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, მერიამ ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლებს ორი, მიმდებარედ კი, 10 ადგილი გამოყო. თუმცა, მისი თქმით, მძღოლები შეთანხმებას არღვევენ და ამ ტერიტორიას საერთაშორისო რეისებისთვის იყენებენ.
მამუკა მუმლაძე არ გამორიცხავს, თუ მძღოლები მათ პირობებს დაიცავენ, დამატებითი ადგილები გამოიყოს, ოღონდ ისე, რომ მოძრაობა არ შეფერხდეს.
„აღნიშნული ტერიტორიიდან მოცილებით, მაქსიმუმ 25 მეტრში, 10 უფასო ადგილი შევქმენით სპეციალურად ტაქსებისთვის. ამით არ დაკმაყოფილდნენ, იყვნენ მოსულები ტრანსპორტის სამსახურში და მოითხოვეს ისევ ძველ ლოკაციაზე გადასვლა. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ ქალაქში მომსახურებისთვის. დავუდგინეთ ორი ადგილი ამ ეტაპზე. თუმცა რომ გაიაროთ, დაინახავთ, რომ კვლავ უკანონოდ განთავსებული აქვთ ავტომობილებზე მიმანიშნებელი „თბილისი-ერევანი” და ახორციელებენ საერთაშორისო რეისებს.
შეთანხმების პირობა დაარღვიეს. რაც შეეხება გამწვანებას, კრწანისის გამგებელს ვესაუბრე. მას პროექტი მომზადებული აქვს, აპრილში ტენდერის შედეგები ცნობილი იქნება და იქ გამწვანების პროექტს დაიწყებენ,” – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
ორთაჭალის ავტოსადგურთან ტაქსის მძღოლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის გასაჩერებელი ადგილების შეზღუდვა გააპროტესტეს.