მამუკა მდინარაძემ თამარ ჩარკვიანს მიმართა - ღიმილის საერთაშორისო დღეა, გილოცავთ, იქნებ გაიღიმოთ, სხვები რაღაცაზე როცა გაიცინებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ, ზრდილობის პრობლემები თავად მოიკითხეთ
ქალბატონო თამარ, დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ, იქნებ გაიღიმოთ და სხვები როცა რაღაცაზე გაიცინებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ და ზრდილობაზე, თუ შეიძლება, ნუ მიგვითითებთ, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს მას შემდეგ, რაც ჩარკვიანმა ხმაურის გამო სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა და დეპუტატებს მიმართა: „მგონი, აქ ერთი ტრენინგი ზრდილობაზე არ აწყენდათ“.
როგორც „კანონისა და სამართლის“ ლიდერის საპასუხოდ მდინარაძემ აღნიშნა, ზრდილობის პრობლემები თავად ჩარკვიანმა თავისთან უნდა მოიკითხოს.
„ძალიან მეორეხარისხოვანი საკითხია, მაგრამ ზრდილობის პრობლემები მოიკითხეთ თავად. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამის თქმა მიწევს. ადამიანი რომ გაიცინებს და ამაზე ჩაფრენილები ხართ, არგუმენტები არაფერთან დაკავშირებით რომ აღარ გაქვთ, ეს არის ამის დასტური. ძალიან გთხოვთ, თუ შეიძლება, ცოტა თავი შეიკავეთ ზრდილობაზე მითითებისგან. ჩვენ რომ რაღაცაზე გაგვეცინება, ამაზე წივილ-კივილს ნუ ატეხავთ თქვენი პოპულისტური რაღაცა მიზნებიდან გამომდინარე“, – მიმართა მდინარაძემ ჩარკვიანს.