მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა - უკრაინაში მოხალისე სამხედროები რომ გაგვეშვა, უკრაინის მაღალჩინოსნების მოქმედებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა, ამას ალბათ გვასწავლით
ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დევნა დაგვეწყო, ჩვენ რომ გვეძახა, ამ წვას გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მოქმედებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა, ქალბატონო სალომე, ამას ალბათ გვასწავლით, – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ომისგან დაზღვევა როგორ შეიძლებოდა, რისკის ქვეშ პარტია ან რომელიმე პოლიტიკოსი ხომ არ იდგა, ქვეყანა იდგა რისკის ქვეშ.
„ისმება ასეთი კითხვა, როდესაც უკრაინის სოლიდარობის მოგონილ არგამოხატვაზეა საუბარი, იმ ფონზე, როდესაც ბევრმა ქვეყანამ, რომის სტატუსის ქვეყნებმაც კი, ვერ გაბედეს ჰააგის სასამართლოში მხარი დაეჭირათ იმ ნარატივისთვის, რომ რუსეთი უნდა წარსდგეს ჰააგის სასამართლოს წინაშე, ჩვენ გარკვეული გადაწყვეტილებებიც ვნახეთ, ამ დროს საქართველომ დაუჭრა უკრაინას მხარი. ამის პარალელურად ქუჩაში აქციები ვნახეთ, ელჩის გაწვევის პრეცედენტი ვნახეთ და კითხვა, ჩვენ რომ სანქციებს მივერთდებოდით, ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დევნა დაგვეწყო, ჩვენ რომ გვეძახა, ამ წვას გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მოქმედებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა? რისკების დაზღვევა როგორ შეიძლებოდა, ქალბატონო სალომე, ამას ალბათ გვასწავლით. ომისგან დაზღვევა როგორ შეიძლებოდა, რისკის ქვეშ პარტია ან რომელიმე პოლიტიკოსი ხომ არ იდგა, ქვეყანა იდგა რისკის ქვეშ. ამ რისკების გამორიცხვა როგორ უნდა მოგვეხერხებინა.
ვთქვათ, არ დავიჯეროთ არცერთი სიტყვა, რომ კულისებში რაღაც ხდება და ის ვიცით, რაც ხელისგულზე დევს და საჯაროა. ამ ყველაფერს რომ შევყოლოდით, ომის გამორიცხვა და რისკების დაზღვევა როგორ ხდებოდა? კონსპირაციაზე საუბრისას ერთი კითხვაც მაქვს – 2008 წელთან დაკავშირებითაც იგივე პოზიცია გაქვთ დღესაც? 2018 წელს თქვენ ბრძანებდით, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა და მან დაიწყო ომი, აქაც თუ შეგიძლიათ, კონსპირაციის კონტექსტში რამე გვითხრათ? დამთხვევებზე თუ ვლაპარაკობთ, მათ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ეწერა 7 აგვისტო თარიღად, სადაც ეწერა ომის დანაშაულის დაშვება, ეწერა, რომ დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმა, ომი დაიწყეს ქართველმა სამხედროებმა, აქ რა კონსპირაციას ჰქონდა ადგილი? როდესაც ჩვენ ასევე ვიცით „ნაცმოძრაობის“ მიზნები, რომ მათი მიზანი პოლარიზაციაა, დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, ახალი სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. მე ასევე ვისაუბრებ ხელისუფლების მიმართ პიარულ დარტყმებზე პრორუსობასთან დაკავშირებით და ერთ ხმაში ნალაპარაკევ – „არა რუსულ კანონს“, ამ ნარატივის გაძლიერებას შეუწყეთ ხელი“, – განაცხადა მდინარაძემ.