ერთიანობისა და ერთობის მოწოდება ძალიან კარგია, თუმცა ამას აქვს საკმაოდ სკეპტიკური მხარეც, რადგან მეორე მხრივ, ჩვენ დღეს ჰიბრიდული ომის, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებს ვხედავთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„ბევრი საკითხი იყო, გულწრფელად ვთქვათ, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით. ერთიანობისა და ერთობის მოწოდება არის ძალიან კარგი, თუმცა ამას აქვს საკმაოდ სკეპტიკური მხარეც, რადგან მეორე მხრივ, ჩვენ დღეს ჰიბრიდული ომის, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებს ვხედავთ. სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს. თქვენი გამოსვლის შემდეგ, ქალბატონო სალომე, შეგვიძლია ვავარაუდოთ, რომ ეს ხალხი, მათი ტელევიზიები ზნეს შეიცვლიან და სხვანაირად ილაპარაკებენ? ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის წინაშე უკიდურესად დამაზიანებელ შეკითხვას აღარ დასვამენ, რაზეც თქვენც აღნიშნეთ? აღარ გამოვა მათი ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც დღეს დარბაზში საერთოდ არ იმყოფება და აღარ იტყვის ისეთ რაღაცას, რაც საოცრად გაუგონარია და არ შეიძლება, ადამიანმა რომც გაიფიქრო, თქვა ხელისუფლების, შენი ქვეყნის ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ საქართველო უკრაინაში ადამიანის მკვლელობას უწყობს ხელს და შავ ხვრელებს ეძებს პუტინის დასახმარებლად. ამას აღარ იკადრებენ?ამის რაიმე სახის, თუნდაც ერთპროცენტიანი გარანტია გვაქვს? არ გვაქვს, სამწუხაროდ.
თქვენ ჩვენ გაგვაკრიტიკეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რაღაც ტერმინებს ვიყენებთ, თუმცა თქვენვე ბრძანეთ მათი მისამართით ასეთი ფრაზა – თქვენ ჩადიხართ და ძირს უთხრით. ამას შეფასება სჭირდება ამავდროულად, თუ ეს არ არის ღალატი და საკუთარი ქვეყნის მტრობა, მაშინ რა დავარქვათ იმას, რომ ისინი მართლაც ჩადიან და ძირს უთხრიან საქართველოს. ეს არ არის სწორი საქციელი. თუ ვინმეს და ამ წუთებიდან ძალა აღმოჩნდება თავს ზემოთ საიმისოდ, რომ ამას არ გააგრძელებენ და არც ჩვენ ვუპასუხებთ. ანდა რას ვუპასუხოთ, რაც არ იქნება. თუ ისინი ამას შეძლებენ და გააკეთებენ, ჩვენ თქვენს მოწოდებას, ბუნებრივია, მხარს დავუჭერთ, მაგრამ ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც მდინარაძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა სიტყვა „გაუფრთხილებლობა“ გამოტოვეს და თქვეს, თითქოს უკრაინის წარმომადგენელთან ერთად პრეზიდენტის პარლამენტში მისვლაზე უმრავლესობამ პრეტენზია გამოთქვა.
„გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, მედიის გასაგონად ვამბობ, რომ გაუფრთხილებლად, სიტყვა არის მთავარი, გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ ბატონი წარმომადგენელი დარბაზში, გაუფრთხილებლად მისწერეთ წერილი პარლამენტს, ინსტიტუტის უპატივცემულობაა, ჩემი აზრით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად. ეს სიტყვა გაუფრთხილებლობა – გამოტოვეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებმა და თითქოს ჩვენ პრეტენზია გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, თითქოს თქვენ შემობრძანდით უკრაინის წარმომადგენელთან ერთად. ამას აკეთებენ ახლა. როდესაც თქვენ ჩვენ მოგვიწოდებთ ერთობისკენ, ამას კადრულობენ ახლაც. როდესაც ჩვენ ვისმენთ სიტყვებს ამ დარბაზში, რომ უკრაინის ტრაგედიის ხარჯზე ჩნდება ახალი შანსი – ამ სიტყვებს ვისმენთ ჩვენი კოლეგებისგან და თუ ამას არ იკადრებენ, არავისთან საჩხუბარი არ გვაქვს. ჩვენ იმიტომ ვართ ხანდახან იძულებული და გვიწევს პასუხის გაცემა, რომ უკადრებელის კადრებას ვხედავთ მეორე მხრიდან, როდესაც საქართველომ უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე. დღეს არის სწორედ ეს ბეწვის ხიდი, როდესაც საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას, ამავდროულად ეს ქვეყანა და ხალხი უნდა ააშოროს კატასტროფას და დიდ უბედურებას, რასაც ომი ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ქვეყანას ამუნათებენ სანქციებზე, რომელი სანქციებიც ამ ქვეყანას კი არ დააზიანებს, ამ ქვეყანას უფრო დააზიანებს, ვიდრე იმას, ვისაც პოტენციურად შეიძლება, სანქციები დაუწესოთ“.
„ეს იციან ძალიან კარგად და მაინც ამუნათებენ, ამასაც კადრულობენ, ოღონდ თავისი, ვიწროპარტიული, პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილონ. თეორიული შანსი აქვთ იციან, არაპრაქტიკული, მაგრამ მაინც კადრულობენ. ეს არის სამწუხარო მოცემულობა, რა შემთხვევაშიც ჩვენ გვიჭირს იმ ძალიან კარგი მოწოდების გაზიარება, რომ ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთიანები ვართ, ვიქნებით, არაფერი გვაქვს საპრეტენზიო არც ერთ მოქალაქესთან, მათ გულმხურვალე მხარდამჭერებთანაც კი, მაგრამ მათი საქციელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რაც სიტყვებით ყველა ქართველისთვის მისაღები უნდა იყოს.
ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, უკრაინას სჭირდება მშვიდობა, მათ ხალხს სჭირდება სოლიდარობა და ამ მშვიდობისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ავაცილოთ როგორც ეკონომიკურ კოლაფსს, ავაცილოთ ომს, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, იყვნენ მშვიდად და გვენდონ. იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი გვენდობა, ეს არჩევნების შედეგებში არის ასახული და ყველა ფიქრობს, ვინც კი ობიექტურად ფიქრობს ამ თემაზე, რომ ჩვენ ნდობას, ამ პოლიტიკაში, რომელსაც ვაწარმოებთ, ვიმსახურებთ და ერთი მთავარი ფრაზა, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ითქვას. მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს. მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა უკრაინას, სოლიდარობა უკრაინელ ხალხს. დიდება საქართველოს და დიდება უკრაინას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.