მამუკა მდინარაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა - „ნაცებზე“ უარეს მავნებლობას აკეთებთ, მათ არ უკადრებიათ ის, რაც თქვენ იკადრეთ
„ნაცებზე“ უარეს მავნებლობას აკეთებთ. მათ არ უკადრებიათ ის, რაც თქვენ იკადრეთ, აგრძელებთ თქვენი ლიდერის ნარატივს, რომ ეს ერთი ადამიანის და ერთი ჯგუფის დანაშაული კი არა, ქართველების დანაშაულია და რეპუტაცია გაგვიფუჭდა ცივილიზებულ სამყაროში, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებს პლენარულ სხდომაზე, სადაც „ქოლცენტრების“ საქმეზე მათ მიერ ინიციირებულ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ.
მდინარაძის თქმით, რომელიმე ჯგუფის დანაშაულზე საუბრისას არ უნდა განზოგადდეს, რომ რეპუტაცია დაეკარგება ქვეყანას და ხალხს.
„უდიდესი მავნებლობაა. სასაცილო ამბავია, რომ სავარაუდო დამნაშავეებმა უნდა გამოიძიონ თავისი დანაშაულის ამბავი, მაგრამ რეალურად უფრო დიდი მავნებლობაა, თქვენ რასაც აკეთებთ. „ნაცებზე“ უარეს მავნებლობას აკეთებთ. მართალი რომ ვიყო, ამ ხალხს ბოლომდე არ უკადრებიათ ის, რაც თქვენ იკადრეთ, გახარიას გუნდს გეუბნებით. თქვენი ლიდერი გამოვიდა და თქვენ აგრძელებთ ნარატივს, რომ ეს ერთი ადამიანის და ერთი ჯგუფის დანაშაული კი არ არის, ქართველების დანაშაულია და რეპუტაცია გაგვიფუჭდა ცივილიზებულ სამყაროში. ახლა ამას მართლა კადრება უნდა. როგორ შეიძლება, ეს იკადრო ადამიანმა, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რაც უნდა ინტერესები გქონდეს, რაც უნდა დაზიანების მცდელობის სურვილით ან ბოღმით იყო შეპყრობილი რომელიმე გუნდის, მმართველი პარტიის თუ სხვა პარტიის მიმართ, საკუთარი ქვეყანა არ უნდა დააზიანო. კონკრეტული რომელიღაც ჯგუფის დანაშაულზე ლაპარაკის დროს არ უნდა განაზოგადო და თქვა, რომ რეპუტაცია დაეკარგა ამ ქვეყანას, ამ ხალხს, რადგან თურმე ვიღაც მავნებელმა რაღაც დანაშაული ჩაიდინა, ევროპელი პენსიონერები გაძარცვა. დიახ, უნდა გამოვიძიოთ და ამ საქმეს კვალიფიციური ხალხი გააკეთებს. დიახ, ამ საქმეს ძალიან წარმატებული ქართველი სამართალდამცველები გააკეთებენ ევროპელ კოლეგებთან ერთად. დიახ, თქვენ არ მოგცემთ საშუალებას, რომ რეპუტაცია გაუფუჭდაო, და სიხარულით აღნიშნავთ. თქვენ თავადვე ამბობთ, რომ ამის საშუალება არ მოგეცემათ. ამიტომ იქნება ჩვენი პოზიცია ხისტი“, – მიმართა მდინარაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს.