მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის ლიდერების განცხადებების საპასუხოდ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგინა
მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის ლიდერების განცხადებების საპასუხოდ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგინა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერების განცხადებების ციტირება მოახდინა და მათ საპასუხოდ საერთაშორისო პარტნიორების ციტატები, ასევე სტატისტიკური ინფორმაცია მოიშველია.

„რაც უნდა უჩვეულო იყოს, გადავწყვიტე ჩემი აზრი არ დავაფიქსირო არაფერზე. მხოლოდ მშრალი ფაქტები და რამდენიმე ციტატა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეხვედრა არათუ უშედეგოდ, საქართველოს საწინააღმდეგოდ დასრულდა“, – რომან გოცირიძე ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე. „შეუძლებელია ათი წლის თავზე შეხვედრას პარტიზანულად ან ნახევრად პარტიზანულად ატარებდე, იმიტომ, რომ არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ ყოფილა, ყველაფერი იყო გასაიდუმლოებული“, – გიგი უგულავა იმავე შეხვედრაზე. შეხვედრა წარმატებულად მიიჩნიეს და მიესალმნენ: შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო საქართველოში, გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერი, ევროკავშირის საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების სპიკერი, ეუთო-ს თავმჯდომარე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გერმანიის პრეზიდენტი.

„საქართველო აღარ არის აქტუალური, იგი გაქრა მსოფლიო ლიდერების რადარებიდან“, – გიორგი კანდელაკი. „წარმოუდგენელია პარტნიორი ნატო-სთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე საქართველოა“,- ჯეიმს აპატურაი.

„საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე დღის წესრიგიდან ჩაჩოჩდა“, – გიგა ბოკერია. „საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და ამ ტემპით უნდა გააგრძელოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი“, – როუზ გიოტმიოლერი.

„საქართველოს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან პრაქტიკულად გააქრო“, – ზურაბ ჭიაბერაშვილი. „ჩვენ ქვეყნებს მოვუყვებით იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს“, – მედლინ მუნი.

„საქართველოში კორუფცია გაბატონდა“ – მიხეილ სააკაშვილი. „საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია ერთი ადგილით კიდევ გაიუმჯობესა და  მე-18 ადგილი დაიკავა“, – მსოფლიო ბანკი.

„პროექტი „ქველმოქმედი ივანიშვილი“ არის დასრულებული მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ახლა ის ფულს ხარჯავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პირადი ქონების შექმნისთვის. ის დიდი ხანია, აღარ ხარჯავს ფულს კულტურისა და სპორტის მოღვაწეების დაფინანსებისათვის“, – ირაკლი აბესაძე. 2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მილიონ ლარზე მეტი. მხოლოდ 2018 წელს 1000 პირზე გაიცა ხუთი მილიონი ლარი. კულტურის სფეროში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული თანხა 600 მილიონ ლარზე მეტია. 2018 წელს მხოლოდ კულტურის სფეროში ამგვარ პროექტებზე დახარჯულია 25 მილიონი ლარი. სპორტში – 2000 წლიდან ფონდი „ქართუ“ 200-ზე მეტი დამსახურებული სპორტსმენისათვის ქველმოქმედებას აწარმოებს, ჯამური თანხა – 74 მილიონი ლარი. სპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტები – 137 მილიონი ლარი. მხოლოდ 2018 წელს გაცემულია 1 907.0 ათასი ლარი. სულ 2018 წელს სპორტის სფეროში გაცემულია 17 მილიონი ლარი. ბუნებრივია, დაფინანსება გრძელდება ახლაც.

„ივანიშვილმა, როგორც დევიდ კოპერფილდმა საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გააქრო“ , – კვლავ მიხეილ სააკაშვილი. „ამ აქტით გათვალისწინებული თანხის არც ერთი ნაწილი არ უნდა მიეცეს იმ ქვეყნების ცენტრალურ მთავრობებს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას, ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ“- აშშ-ის სენატი.

და ბოლოს, „ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს აღმოჩნდა მოულოდნელი“. „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. რუსეთის შეტევა იყო საპასუხო“, – დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი გიორგი თარგამაძე ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ თავიანთი მხარდაჭერით ანუ რუსული ემედმენთები ევროპის საბჭოს რეზოლუციაში.

„წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ ომი 2008 წლის აგვისტოში დაიწყეს საქართველოს სამხედრო ძალებმა. რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას“, – ქართული საზოგადოება. დიდი მადლობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.