მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - პარლამენტის ტრიბუნიდან ეუბნებით მსოფლიოს, რომ არ გვაქვს შესრულებული რეკომენდაციები, რაც ტყუილი და საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებაა
გრძელდება კამპანია, რომელსაც, მავნებლობის გარდა, არაფერი შეიძლება დაერქვას, ამ კამპანიის შესრულების და აღსრულების პროცესს ვუყურებთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მიჰყვება გეგმას და ამ გეგმის პირველი ნაწილი არის მოლოდინის აწევა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, თითქოს ყველაფერი კარგად არის და რომ არა „ქართული ოცნება“, კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მოგვცემდნენ.
„ყველამ კარგად ვნახეთ, რომ უსამართლობა იყო ის საფუძველი, რის გამოც კანდიდატის სტატუსი, უკვე წარსულში, დღევანდელი გადასახედიდან, ვერ მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ჩვენმა ქვეყანამ. ეს ევროკავშირმა კრიტერიუმების გამოქვეყნებით აღიარა“, – აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ გეგმის მეორე ეტაპი არის კანდიდატის სტატუსის არმიღება, რაშიც ეს ხალხი მაქსიმალურად ცდილობს, ჩართული იყოს.
„ახალ ფორმატებს რომ გვიანონსებთ, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად. იმ პრეზიდენტთან, რომელიც ორი დღის წინ ამ ტრიბუნასთან გამოსვლის დროს ამბობდა, რომ არ გვეკუთვნოდა და არც ახლა გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რადგან თითქოს ფორმალურად არის შესრულებული რეკომენდაციები მაშინ, როდესაც თითქმის ბოლოში ვართ გასული. სულ 2-3 რეკომენდაცია რჩება შესასრულებელი. თქვენ ქვეყნის პარლამენტის ტრიბუნიდან ეუბნებით მთელ მსოფლიოს, ევროპას, ევროკავშირს, რომ ჩვენ არ გვაქვს შესრულებული რეკომენდაციები, რაც არის ტყუილი და ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება. ამის შემდეგი ეტაპი არის, რომ შეიქმნას ემოციური ფონი, აადუღოთ სიტუაცია, ქვეყანაში მოხდეს რევოლუცია და შეცვალოთ ხელისუფლება. ამიტომ თქვენ ვერავინ დაგიჯერებთ, რომ გინდათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამაზე თქვენი განცხადებებიც მეტყველებს“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.