მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მიმართა - ვერცერთს დაგაცდენინეთ სიტყვა, რომ სამშობლოს ღალატი იყო, როცა თავის დროზე რეზოლუციას მოაწერეს ხელი და რუსული საქმე გააკეთეს, დღეს ცდილობთ, სხვას მიაკეროთ რუსული იარლიყი
ვერცერთს დაგაცდენინეთ სიტყვა, რომ სამშობლოს ღალატი იყო, როცა თავის დროზე რეზოლუციას მოაწერეს ხელი და რუსული საქმე გააკეთეს. ამ კომპლექსიდან გამომდინარე, ცდილობთ, სხვას მიაკეროთ რუსული იარლიყი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, რითიც ოპოზიციის ნაწილს მიმართა.
მისივე თქმით, მათ ეს არასოდეს გამოუვათ.
„ერთი წელია, ამ ქვეყანას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული. ამას ყველანი ვხედავთ, ყველა ხვდება, ვიღაც აღიარებს, ვიღაცა – არა. ხელისუფლება ერთი წელია, ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომლის საბოლოო მიზანია, ეს ქვეყანა საომარი პლაცდარმი გახდეს. ეს არის სიმართლე, რის ირგვლივაც ტრიალებს შემდეგ ყველაფერი. ამ სიმართლის ირგვლივ ტრიალებს საუკუნის აფერა, როდესაც ქართულ საზოგადოებას და ახალგაზრდობის ნაწილს დააჯერეს, რომ რუსული იყო კანონი, რომელიც პარლამენტში იყო მიღებული და შემდეგ გაწვეული. ამ ლოგიკით, რუსული კანონი დააინიცირეს „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენლებმა, რომლის ნაწილიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ლოგიკით, კანადაში მუშაობს რუსული კანონი, ბრიტანეთის თემთა პალატას მიღებული აქვს რუსული კანონი, ამერიკაშიც რუსული კანონი მუშაობს და მთელი ევროპა, ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი მოწოდებულია, რაც შეიძლება მალე მიიღონ რუსული კანონი.
მეორე მხრივ, მართლა გასაკვირია, როგორ მოახერხეს ოპონენტებმა, რომ ფაშიზმისა და ბოლშევიზმის სინთეზი გააკეთეს. პარლამენტის თავმჯდომარეს ამ დარბაზში მიმართავენ, რაღაცებს აბრალებენ და შემდეგ, როგორც კი გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და პასუხი გასცა, როგორ გაბედაო. პასუხს გვცემთ ახლა, ეს როგორ შეიძლებაო. აბულინგებენ ყველას და ყველაფერს, ოჯახებს. შემთხვევით არ ვამბობ, მცირეწლოვან შვილებზეც გადავიდნენ. შემდეგ წუწუნებენ ბულინგზე, ვიღაც აქტივისტმა რაღაც დამიწერაო. არც ერთია კარგი და არც მეორე, მაგრამ ბულინგს, აგრესიას, ფაშიზმს მოაქვს თავისი რეაქციები. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ფაშიზმი, არ უნდა იყოს საპირისპირო ბულინგი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო მასშტაბის ბულინგი, რომელსაც ეს ადამიანები ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით ერთხმად, ასე სინთეზურად ახორციელებდნენ. ახალგაზრდების თემის განზოგადება არის ბოროტება. ზუსტად ვიცით, რომ თქვენმა პარტნიორმა გადაურიცხა 1 000 ლარი ახალგაზრდას, რომელიც არის მათი აქტივისტი. ეს ადამიანი თავად ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ვერ ბედავს, იმ დღის საბანკო ამონაწერი გამოაქვეყნოს. ახლა ცდილობთ, ყველაზე განაზოგადოთ. არა, ბატონო, ის კონკრეტული და მეორე კონკრეტული ახალგაზრდა იყო, რომელიც დაფინანსდა. ამის შესახებ გახმოვანდა ინფორმაცია და ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს თავად, თავიანთმა ლიდერებმა და შეკვეთის მიმცემებმა, რომ საბანკო ამონაწერის გამოქვეყნებას ვეღარ ბედავენ. ახლა ამბობენ, ჩვენი პერსონალური მონაცემია და ამას ვერ გამოვაქვეყნებთო. ასეთ მდგომარეობაში ამყოფებთ საკუთარ მომხრე და აქტივისტ ახალგაზრდებს.
თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო ევროპის კავშირში ვერ აღმოჩნდებაო – ეს არის თქვენ მიერ წეღან გაცხადებული მიზანი. რა გინდათ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში? ამისთვის იბრძვით და ყველაფერს აკეთებთ, როგორც ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების დროს. საოცარია წეღანდელი გამონათქვამი აქ მჯდომი ჩვენი ოპონენტი ქალბატონის, როდესაც ნეობოლშევიკური მეთოდებით უნივერსიტეტიდან პროფესორების გაყრის მცდელობაზე იყო საუბარი – არა, ეგრე არ არისო, მაშინ ისინი დასახვრეტად მიჰყავდათო. უღრმესი მადლობა, რომ დღეს არ გაქვთ საშუალება და ვერ ხვრეტთ. ეს როგორ უნდა მოგაფიქრდეს ადამიანს. ქვეცნობიერმა როგორ უნდა წამოგაყვიროს, არა, მაშინ დასახვრეტად მიჰყავდათო.
ახლა ასეთი პათოსით რომ გამოდიხართ, ვერცერთ თქვენგანს ვერ დაგაცდენინეთ ვერცერთი სიტყვა, ერთი განცხადება ვერ გაგაკეთებინეთ იმასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატი იყო, როცა თავის დროზე რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რუსული საქმე გააკეთეს და დღეს რუსების განცხადებები მაშველ რგოლად გადმოგივარდებათ ხოლმე. ამ კომპლექსიდან გამომდინარე, დღეს ცდილობთ, სხვას მიაკეროთ რუსული იარლიყი, რაც არასდროს გამოგივათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.