მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მიმართა - რატომ ცდილობთ, ხელისუფლებას ისეთი იარლიყი მიაწებოთ, რომელიც ქვეყანასაც დააზიანებს, რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით
მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მიმართა - რატომ ცდილობთ, ხელისუფლებას ისეთი იარლიყი მიაწებოთ, რომელიც ქვეყანასაც დააზიანებს, რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით

არავის არაფერი გაგიკვირდეთ მას შემდეგ, რაც ვინმეს დააბრალებთ რაღაცას და მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებთ. თუ ვინმე თქვენგანისთვის მძიმე შეურაცხყოფა არ არის რუსული იარლიყის მიკერება, ეს თქვენი პრობლემაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მდინარაძე მას შემდეგ გააკეთა, რაც მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას ოპოზიციონერების კრიტიკა მოჰყვა, სალომე სამადაშვილმა კი მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა.

როგორც მდინარაძე ამბობს, დღეს ყველა ერთად უნდა იდგეს და ოპოზიციამ ხელისუფლებას ისეთი იარლიყი არ უნდა მიაწებოს, რაც ქვეყანას დააზიანებს.

„ქალბატონმა თინამ ვერ დამალა გაღიზიანება დროშის გამო. მე ველოდი, რომ დამალავდით, მაგრამ ვერ დამალეთ. ხალხი რომ იღუპება, ამის პიარკამპანიად გამოყენება არის უბედურება, მარაზმია და სირცხვილია. მართლა ერთი წელი გავიდა, რაც ყველა გამოსვლაში ამ თემას ვეხებით ხოლმე, რეზოლუციაზე გელაპარაკებით.

ღარიბაშვილის სიტყვებს რომ დასდევთ, ინტერპრეტაციას უკეთებთ და ისე მიაწოდეთ საზოგადოებას. გავიგეთ, რომ პიარულად სწორი ნაბიჯია და არა მორალურად. თუ საჭიროება დადგება, რომელიმე ჩვენგანი ომსა და ბრძოლაზე შეიკავებს თავს და ვინმეზე ნაკლებად უდუღს სისხლი? ბოლომდე უნდა იღვაწო, გააკეთო ყველაფერი, რომ შენს ქვეყანას სისხლისღვრა ააცილო თუ ამის შესაძლებლობა თეორიულად მაინც არის, მაგრამ სხვა გზა თუ არ იქნება, უნდა იბრძოლო და თავიც შეიძლება, გაწირო.

რა მარაზმია ეს, რომ სამი დღის განმავლობაში უკრაინის ომის კვალდაკვალ, რუსული დაწყებული უბედურებით, თუ ამას საქმე ჰქვია, მათი საქმით სარგებლობთ, მათი ხოცვა-ჟლეტით სარგებლობთ. როცა აქ უნდა დავდგეთ ამ გამოწვევებთან ერთად, უნდა შეეცადოთ, მსგავსი მაინც ქნა, რაც ოპოზიციამ გააკეთა 2008 წელს, თქვენ რით ხართ დაკავებული – ჯერ შიგნით და შემდეგ გარეთ როგორ გავარუსოთ საქართველოს ხელისუფლება.

ამით ხართ დაკავებული, დღეს რატომ აკეთებთ ამას. რატომ ცდილობთ, რომ თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას იარლიყი მიაწებოთ, რომელიც საუბედუროდ, ქვეყანასაც დააზიანებს. ამის გაკეთება შეიძლება? რა ხალხი ხართ, საიდან მოხვედით, ვინ ხართ საერთოდ, როგორ შეგიძლიათ ასეთ მარაზმში შეყოლა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური, თქვენი მარაზმატიკული და ავადმყოფური მიზნები შეასრულოთ. საიდან მოგაქვთ ეს ნარატივი, რომ შენი ქვეყნის ხელისუფლებას აზიანებდე რუსული იარლიყის მიწებებით. თუ საბრძოლოა, ვიბრძოლოთ, მაგრამ მანამდე ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ გახდეს საომარი. თუ შეგიძლიათ გაიგეთ, თუ არ შეგიძლიათ, იმაზე მაინც მიპასუხეთ, რატომ უღალატეთ თქვენს ქვეყანას ორ თვეში ომიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.