მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მიმართა - მჯერა, ყველაფერს გააკეთებთ თქვენი გეგმის განსახორციელებლად და გეგმის საფუძველი არის ის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ თქვენი გეგმის განსახორციელებლად და გეგმის საფუძველი არის საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არ მჯერა, რომ თქვენ იმოქმედებთ ამ გეგმაში საქართველოს ინტერესებისთვის და ეს თქვენი „მოღვაწეობით“ დაამტკიცეთ“,- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრი წარდგა.
„იცით, რატომ ვერ პასუხობთ ამ მოცემულობით, ამ ხელისუფლებით, ამ ოპოზიციით კითხვაზე – საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს, საქართველო იმსახურებს თავის პლიუს-მინუსებით. ოღონდ მინუსები ის კი არ არის, რასაც თქვენ იტყუებით. მინუსები რეალური რაც არის, საერთოდ არ ლაპარაკობთ და კრიტიკა არ მოგვისმენია. იმიტომ, რომ ის მინუსები არ არის საკმარისი ხარისხის, რომ ჩვენ გადაგვაგდოთ, ის გეგმა განხორციელდეს, რაც ყოველწუთიერად იგეგმება ხოლმე და ყოველ მეორე წუთში კრახით მთავრდება. კითხვაზე პასუხი უნდა გასცეთ – დღევანდელი მოცემულობით, თავისი პლუს-მინუსებით, ამ ხელისუფლებით და ამ ოპოზიციით, იმსახურებს თუ არა? თქვენ ამაზე პასუხი რატომ არ გაწყობთ, იცით? აქ ერთ-ერთი თქვენგანი გამობრძანდა წეღან და თქვა რომ როცა დასავლეთი არ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსსო, ასეთი შემთხვევა რომ დადგესო, ჩვენ დაგვაბრალებენო. ახლა რეალური პროპაგანდა რა არის: ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობთ, თქვენ რას აკეთებთ აქ. ხომ ამბობთ, რომ მტკიცებულებებს ითხოვდით, ევროპულ დერეფნებში რას ვაკეთებთო. აქ რასაც აკეთებთ, ალბათ იმას. იმიტომ, რომ რა გგონიათ, დახურული სივრცეა ეს ჩვენი პარლამენტის დარბაზი, ქართული მედია, ევროპაში ეს ნიუსები არ გადის, რასაც აქ კადრულობთ, თუ როგორ არის საქმე? იქ სხვა რამეს ამბობთ და აქ სხვა რამეს? აგერ, დაიდო გეგმა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიცილით მოკვდება ქალბატონი სალომე, რომელმაც ბრძანა, „ჩვენი განაცხადის წარუმატებლობის შემთხვევაში თვლიან თუ არა, რომ უნდა აიღოს „ოცნებამ“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მთელი შემადგენლობა გადადგეს?“ გამოააშკარავა და დადო გეგმა.
ახლა ვისაც უნდა, იმან დაიჯეროს, რომ თქვენ ამ ნათქვამის მიუხედავად, ყველაფერს ეცდებით, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ ამ გეგმის განსახორციელებლად და გეგმის საფუძველი არის საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის თქვენი გეგმის საფუძველი, რომელიც წეღან თქვენივე პირით თქვით. ვერ ითმენთ, უბრალოდ. ახლა ამ გეგმაში, მე წარმოვიდგინე, რომ საქართველოსთვის პოზიტიურ მხარეს დგახართ? არაფრით არ მჯერა და რა გავაკეთო? ვისაც გჯერათ ეს ყველაფერი, დანარჩენ კოლეგებს, ძალიან მიკვირს თქვენი. არ მჯერა, რომ თქვენ იმოქმედებთ ამ გეგმაში საქართველოს ინტერესებისთვის და თქვენ ეს თქვენი „მოღვაწეობით“ დაამტკიცეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საქართველო, თავისი პლუსებით და მინუსებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„ასევე, მაინტერესებს კიდევ ერთი რამ: მესმის ხოლმე, რომ „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს უკრაინელ კოლეგებს და ოპოზიციას. მაგალითად, შავი ხვრელია საქართველო და იარაღს აწვდის, რომ უკრაინელები დახოცოს და ამაზე პასუხს რომ გავცემთ, ეს როგორ გავბედეთ. ეს არის კრიტიკა და გამოადგება ასეთი კრიტიკა საქართველოს? არ ვიცი, თავხედობის რა დონესთან გვაქვს საქმე, როდესაც ამ კრიტიკას ვიღაც გვიწუნებს. შავი ხვრელია საქართველოო, რომ იტყვის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დაუდასტურებს ჩვენი უკრაინელი კოლეგა და ამას როგორ გაეცით პასუხიო. ეს არის სწორედ პარადოქსი, ეს არის ანტიევროპულობა და მე ვფიქრობ, რომ საქართველო, თავისი პლუსებით და მინუსებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ ყველა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დავდგეთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.