ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნიკა მელია სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდა ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც ქვეყანა უხილავ მტერს, კორონავირუსს ებრძვის.
„ამნისტიაზე იყო დღეს ლაპარაკი და ამნისტიის გარდა ყველაფერზე ილაპარაკეს. ისეთ რეალობაში აცხოვრებენ ადამიანებს, დავანებოთ წარსულს თავი, საბოტაჟის რეჟიმში მაშინ, როდესაც როცა არის მტერი, უხილავი, თუ ხილული, ერთიანდება ერი. ამ შემთხვევაში, ბოლო პერიოდში ყველა ვებრძვით უხილავ მტერს. იმის მაგივრად, გაერთიანებულიყვნენ ჩვენთან ან სახელმწიფოსთან, პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. ის ადამიანი, რომელიც თავისი ჭკუით მორალს გვიკითხავდა წეღან, სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდა ყველაზე რთულ პერიოდში, ყველაზე კრიზისულ პერიოდში, როცა ათობით ადამიანი იღუპებოდა საავადმყოფოებში, მაშინ წავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, თორემ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წასვლას რა უჭირდა.
მაშინ უნდოდა სახელმწიფოს გადატრიალება, ვინმეს ეჭვი ეპარება? ეჭვი გეპარებათ, რომ იმ დღეს შემოსვლა უნდოდა ნიკა მელიას და ამოტრიალება? რისთვის ელოდებოდნენ აქ, ყვავილებით უნდა დახვედროდნენ ისინი? აქ, წინა რიგებში რომ ისხდნენ, ყვავილები უნდა მიერთვათ, ნიკა, ყოჩაღ, რა კარგად შემობრძანდი პარლამენტშიო? თუ რისთვის ელოდებონდნენ. იმაზეც კი ისტორიის გადაწერას ცდილობთ, რაზეც კადრები გვაქვს ნანახი, რაც არ გავქვს ნანახი, იმაზე რას იკადრებთ. კადრები რაც გვაქვს ნანახი, იმაზე ცდილობთ ისტორიის გადაწერას, საკუთარ ფარებს რომ ურტყამდნენ პოლიციელებს და პოლიციელები რომ ჯერჯერობით არაფერს აკეთებდნენ, ოღონდ მოეთმინათ ბოლომდე, რომ მათ პროვოკაციას არ წამოგებოდნენ. რაც არ გვინახავს, იმაზე რას იკადრებთ ხომ წარმოგვიდგენია. ისევე როგორც, სამწუხაროდ, გუშინ ვნახეთ საოცარი კადრება თავის დროზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის და იმის სიტყვებს რომ მიმეორებთ, ეს მწყინს ნამდვილად. ძალიან ცუდია ეს, ეს ჩვენი მინუსია, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, ვითომ აქ ვერავინ ნახეს, აქ ვიყავით და ვხედავდით, რა ხდებოდა. ამნისტიაზე როცა ვსაუბრობთ, რანაირი სამართალია ან სად ნახეთ, დაზარალებული თუ არის პოლიციელი, თურმე, მაშინ არ არის მისი თანხმობა საჭირო, თუ სხვა არის, კიბატონო, თანხმობა უნდა იყოს აუცილებლად, ვის გაფიქრდებათ ეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლამდე ხალხს ასწავლა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, 2012 წლის შემდეგ კი საზოგადოება დაარწმუნა, როგორი არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, რისთვისაც შეიძლება, მადლობა ეთქვათ.
„მადლობა შეიძლება გითხრათ კაცმა, თავის დროზე, 2012 წლამდე ხომ ასწავლეთ ქართველ ხალხს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, 2012 წლის შემდეგ ასწავლეთ და დაარწმუნეთ, როგორი არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ერთადერთი ამაზე თუ გეტყვით ვინმე მადლობას. პარლამენტზე, კობახიძეზე და ა.შ. რომ მიგაქვთ იერიში, კონკრეტული სახელები და გვარები ან ქეისები დაასახელეთ, სად ხედავთ იმ უბედურებას, რასაც გვაბრალებთ ხოლმე.
მათ შორის იმ ადამიანმა, გუშინ რომ გამოდიოდა, თქვენს წისქვილზე რომ ასხამს წყალს და შემდეგ ძალიან რომ სწყინს, რომ შერაცხავენ ხოლმე იმად, რაც ეკუთვნის, იმან დაასახელოს, ერთი ზარი თუ მიუღია, ახლა ხომ თქვენს თამაშს თამაშობს, თქვენს წისქვილზე ასხამს წყალს, დაასახელოს, ერთი ზარი, სადაც მინიშნება მაინც იყო ჩვენგან, რომელიმესგან, რომ რაღაცა ფინანსურ ინტერესზე იყო ლაპარაკი ან ნათესავის სადმე მოწყობაზე. ახლა ხომ გავიდა კორექტულობის სივრციდან, თუნდაც საკუთარ გუნდთან ურთიერთობის, დაასახელოს და უფრო მეტ საქმეს გაგიკეთებთ. რაც არ უნდა მივაბათ იქით-აქედან ქოთანს ყური, რეალობა ერთია, რომ „ნაცმოძრაობისთვის“, თქვენი, თუნდაც ფორმალური ლიდერისთვის გადადგა ის ადამიანი და დღეს მთელი დღეა, მის ციტატებს იშველიებთ ყოველ მეორე წინადადებაში.
დავანებოთ თავი წარსულზე ლაპარაკს, 9 წელი კი არა, ბოლო შვიდი თვე რას აკეთებდით, აჯანჯღარეთ ქვეყანა და შემდეგ მივიღეთ მოცემულობა, სადაც კომპრომისებზე წავედით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც არ მოსწონს ჩვენს ამომრჩეველს, დავიზიანეთ თუნდაც იმიჯურად, პიარულად თავი და გვეუბნებიან საყვედურს “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მდინარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსულ საქმეს აკეთებს. მდინარაძის განმარტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომიდან ორი თვის თავზე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი.
„თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ომიდან ორი თვის თავზე ხელი მოაწერეთ რეზოლუციას, მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, მალავდით საგულდაგულოდ. ეს რომ აღმოვაჩინეთ 3 წლის წინ, იმხელა ცრუ პიარი გქონდათ დალგებული, რომ პირველ დღეებში საზოგადოებისგან მიმღებლობა არ იყო, ამ ბოლო დროს ხალხმა გააცნობიერა. დღესაც კი საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ რაღაც პროდასავლურები ხართ და ისეთ რაღაცებს აკეთებთ, დაწყებული ომიდან ორ თვეში როგორ დაუჭირეთ მხარი ამ რეზოლუციას, ესეც არ გაკეთდებოდა თქვენი ლიდერის გარეშე, რომლის მონობაში ხართ დღემდე. ამ დროს, საქმე კეთდება, ევროკავშირისკენ სწორება, თავის კონსტიტუციაში გარანტიების ჩადებით აქეთ მხარეს არის, ამას ვაკეთებთ და თქვენ ბედავთ და აქეთ პრორუსულებს გვეძახით.
კორუფციის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, კორუფცია, ნეპოტიზმი იყო თქვენი მიერ დამკვიდრებული ტრენდი, ამასობაში ვითომ ქვეყანას აშენებდით და იქაც აღმოჩნდა, რომ ფასადური იყო ეს ყველაფერი, ესეც ტყუილი აღმოჩნდა. ამასობაში კლავდით ხალხს, დღეს გაქვთ მცდელობა ქართული სახელმწიფოს მოკვლის. იმიტომ ხართ ჩვენზე გამწარებული, რომ ხელისუფლებაში ვერ მოდიხართ და სახელმწიფოს მკვლელობას არ განებებენ, ეს არ გამოგივათ არასდროს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხომაზე.