მამუკა მდინარაძემ მიხეილ დაუშვილს მიმართა - თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო „ქოლცენტრების“ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ეჭვი გვქონდა, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, ასე დეტალურად თუ იცნობდით ამ თემას
თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო „ქოლცენტრების“ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი გვქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობდით ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, მიხეილ დაუშვილს მიმართა, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ქოლცენტრების თემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, დაინტერესდება თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მისი ლიდერის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხით, რომელიც შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პოსტებს იკავებდა.
„ვთქვათ, დაგეთანხმეთ და შეიქმნას ეს კომისია. რა იქნება მთავარი მიმართულება, საით მიდის ამ დროს საპარლამენტო გამოძიება? საპარლამენტო გამოძიების ობიექტი არის თავად საქმის დეტალები თუ ის, როგორ იძიებენ სამართალდამცველები საქმეს? ანუ, საგამოძიებო მასალების ასეულობით ტომს გამოვითხოვთ, დავიდებთ აქ და მიმდინარე გამოძიების დროს შევაფასებთ, როგორ იძიებენ საქმეს? მიმდინარე გამოძიებას შემთხვევით არ ვამბობ. თქვენივე, ოპოზიციის ლოგიკას რომ გავყვეთ, არ შეიძლებოდა, ვიღაც საქმის კურსში არ ყოფილიყოო, და დაიწყებთ იმ პერიოდიდან, როცა, მაგალითად, შს მინისტრი იყო გიორგი გახარია, როცა „ქოლცენტრები“ შეიქმნა, შემდეგ კი – პრემიერი? მისი, თუნდაც სხვების პასუხისმგებლობის მიმართულებით, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს, მართლა ვინმე ხომ არ იყო საქმის კურსში და ხომ არ არის?“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე ასევე დაინტერესდა დაუშვილის პოზიციით, „ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა?“
„მაინტერესებს, ჩაერთვება თუ არა ამ კომისიის საქმიანობაში „ნაციონალური მოძრაობა“, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ან თქვენი პოზიცია რა იქნება? მთავარი ეჭვმიტანილის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაცია – „ნაცმოძრაობა“ ჩაერთვება თუ არა კომისიის მუშაობაში? ვაშაძე ჩაერთვება თუ არა კომისიის მუშაობაში, რომლის მიმართ სერიოზული კითხვის ნიშნებია? მაგალითად, არ მჯერა ასეთი დამთხვევების, რომ მისმა ძმამ არახამიას ძმას შემთხვევით მიაქირავა ფართი, იქ შემთხვევით რაღაც „ქოლცენტრი“ აღმოჩნდა და შემდეგ ვაშაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბიძაშვილ-მამიდაშვილების გენეალოგიას არკვევს, რომ რაღაც გადაბრალება მოახდინოს. თავად თქვენ ჩაერთვებით და იმუშავებთ თუ არა, მათ შორის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხის მიმართულებით?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.