მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილისადმი საზოგადოების რეაქცია იმგვარად მწვავე იყო 26 მაისის გამოსვლაზე, რომ მგონია, საქართველოს დამაზიანებელი განცხადებები ევროპული ტრიბუნიდან დღეს აღარ გაკეთდება
მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილისადმი საზოგადოების რეაქცია იმგვარად მწვავე იყო 26 მაისის გამოსვლაზე, რომ მგონია, საქართველოს დამაზიანებელი განცხადებები ევროპული ტრიბუნიდან დღეს აღარ გაკეთდება

პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით გაცილებით პოზიტიური მოლოდინი მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ მან ნახა საზოგადოების უმწვავესი რეაქცია 26 მაისის გამოსვლაზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს გაცილებით ობიექტური იქნება.

„საზოგადოების რეაქცია იმგვარად მწვავე იყო, რომ მგონია, საქართველოს დამაზიანებელი განცხადებები უმაღლესი ტრიბუნიდან, ევროპული ტრიბუნიდან დღეს აღარ გაკეთდება. ამიტომ ჩემი პოზიტიური მოლოდინი მხოლოდ ჩემს ოპტიმისტობას არ დააბრალოთ, მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს გაცილებით ობიექტური იქნება, თუ ობიექტურობის ერთი პროცენტი სადმე იყო მის წინა გამოსვლაში, ვიდრე იმ გამოსვლის დროს. როგორც მინიმუმ, ის არ დააზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს ვითომ კრიტიკული განცხადებით. ჩვენი მომხრეები სერიოზულად გვსაყვედურობდნენ ამ გამოსვლის შემდეგ და გვახსენებდნენ, რომ ეს თავის დროზე არასწორი არჩევანი იყო. განცხადება გავავრცელეთ იმის შესახებ, რომ დისკუსიაში არ შევდივართ, რადგან ამ ყველაფერს ცუდი სუნი უდიოდა და უდის, რატომ შეიძლება შემოდიოდეს პრეზიდენტი ასეთ მწვავე დაპირისპირებაში. შეიძლება რაღაც ცუდი გეგმის ნაწილი იყოს და ა.შ. ეს მხოლოდ ვარაუდია და ამ ვარაუდის არგამართლება გარკვეულწილად შეიძლება ჩვენზეც იყოს დამოკიდებული, რის გამოც პოლიტსაბჭოს განცხადება გავრცელდა, რომ ჩვენ ამ დაპირისპირებაში არ შევდივართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაა დაგეგმილი.