მამუკა მდინარაძე - ზურაბ ჯაფარიძეს არავინ ეკითხება, რას იტყვის, რომელ კითხვაზე რას უპასუხებს, დღეს ავალებენ, რომ უნდა ჩავიდეს სადღაც და ჩაიხადოს, ხვალ სხვა რამეს დაავალებენ, ისევ შეცვლის ნარატივს, ეს არის აგენტის ხვედრი
ზურაბ ჯაფარიძეს არავინ ეკითხება, რას იტყვის, რა კითხვას დაუსვამენ და რას უპასუხებს. მაშინ დაავალეს და უთხრეს, რომ შენ ახლა რუსეთთან დაკავშირებით არ უნდა ილაპარაკო ცუდი რაღაცები, უნდა ილაპარაკო ეკონომიკაზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე. ზურაბ ჯაფარიძემ, ისევე როგორც მისმა პოლიტიკურმა მეგობრებმა, ასე ილაპარაკეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძეს დაუსვეს კითხვა, რას უკავშირებს ჯაფარიძის რიტორიკისა და შეხედულებების შეცვლას, რომელიც 2011 წელს რუსეთთან ვაჭრობის მომხრე იყო.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჯაფარიძეს ახლა დავალებული აქვს, რომ „აჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე“, ხოლო მომავალში, შესაძლოა, კვლავ დაავალონ ნარატივის შეცვლა, რაც, მისივე თქმით, აგენტის ხვედრია.
„დღეს ავალებენ, რომ შენ ახლა უნდა ჩახვიდე სადღაც და ჩაიხადო. უკაცრავად, ამის თქმა რომ მიწევს. შენ ახლა გევალება, რომ უნდა გაჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე, უნდა გაგიჟდე, გადაირიო და უნდა დაგბურძგლოს, ამას აკეთებს. ხვალ სხვა რამეს დაავალებენ, ისევ შეცვლის ამ ნარატივს და ისევ იტყვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ ეკონომიკურია და ცუდი არ არის – ეს არის აგენტის ხვედრი.
საბედნიეროდ, უდიდეს უმრავლესობას ამ ქვეყანაში შეუძლია, საკუთარი აზრებით ილაპარაკოს, რასაც თვითონ ფიქრობს. ზურაბ ჯაფარიძეს და მისნაირებს თანავუგრძნობთ, რადგან მათ არ შეუძლიათ, საკუთარი აზრი ჰქონდეთ. რასაც დაავალებენ, იმას ილაპარაკებენ. რუსეთზე ხან ასე ილაპარაკებენ, რომ ეკონომიკას ეხება საქმე, ხან ისე ილაპარაკებენ, თითქოს ბრაზდებიან, რადგან გაბრაზება აქვთ დავალებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.