მამუკა მდინარაძე - ზოგიერთი ტელევიზია ფლობს ექსკლუზივებს გახარიას გუნდთან დაკავშირებით, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს
მართლაც ვხედავთ, რომ ზოგიერთი ტელევიზია და ამ ტელევიზიების პარტიული კუთვნილების შესახებ იცით, ფლობს ექსკლუზივებს გახარიასთან და მის გუნდთან დაკავშირებით, პრეზენტაციებთან, მათ სლოგანებთან და პარტიის სახელწოდებებთან დაკავშირებითაც კი. ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ინფორმაცია დიდ გამოცდას და დიდ რევიზიას არ საჭიროებს.
„გულწრფელად გეტყვით, ადამიანურად ძალიან რთულია ასეთ ინფორმაციაზე ჩვენი რეაგირება. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მით უფრო, როდესაც მართლაც ვხედავთ, რომ ზოგიერთი ტელევიზია და ამ ტელევიზიების პარტიული კუთვნილების შესახებ იცით, ფლობს ექსკლუზივებს გახარიასთან და მის გუნდთან დაკავშირებით, პრეზენტაციებთან, მათ სლოგანებთან და პარტიის სახელწოდებებეთან დაკავშირებითაც კი. ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ინფორმაცია დიდ გამოცდას და დიდ რევიზიას არ საჭიროებს. მომდევნო პერიოდში ჩვენ შევხედავთ, რომელი ტელევიზიები დაკავდებიან მათი პროპაგანდით, მათი პიარით თუ მათი აქტუალიზაციით. ეს ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს. ჩვენ ამის ნიშნები ვნახეთ, მაგრამ აწიც ვნახავთ. გუშინ ჩვენი თანაგუნდელი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო და დღეს რაღაცებზე ცოტა სხვა კონტექსტში საუბარი რთულია ადამიანურად, ეს ყველამ უნდა გამიგოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, გიორგი გახარიას გუნდში „ქართული ოცნებიდან“ კიდევ ხომ არ გადაინაცვლებენ, მდინარაძემ განაცხადა, რომ მსგავსი მოლოდინი არ აქვთ.
„არანაირი მსგავსი მოლოდინი არ არის. ვინც იყო ამ გუნდის წევრი, ჩვენი კოლეგები პარლამენტიდან, ექვსი ადამიანი, თავიდანვე ისინი ამ გუნდში არიან. სხვა მხრივ მსგავსი მოლოდინი ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.