მამუკა მდინარაძე - ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის წარმოუდგენელია, თავსებადი იყოს ძლიერი სახელმწიფო და დემოკრატია, ვერ წარმოუდგენიათ, რომ სახელმწიფოს ვერ შეარყევენ
შეუძლებელია, მოგონილ ნარატივზე შექმნილმა საპროტესტო მუხტმა ამ ქვეყანაში რაღაც ცვლილებები გამოიწვიოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის წარმოუდგენელია, თავსებადი იყოს ძლიერი სახელმწიფო და დემოკრატია.
„პირველი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც აქცია 7 ნოემბერს დააანონსეს და შემდეგ, საზოგადოების აღშფოთება ნახეს, რამდენიმე წუთში მათ მიიღეს ადეკვატური რეაქცია საზოგადოებისგან და შემდეგ გადაიფიქრეს 7 ნოემბერს აქციის ჩატარება. მეორე არააადეკვატური მოქმედება მათი მხრიდან ის იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს თითქოს აპროტესტებენ, ჯერ გასაპროტესტებელი რა არის და ამ დროს პარლამენტიდან გასვლაზე საუბრობენ. ანუ საკრებულოებში პრობლემა არ აქვთ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და გადიან პარლამენტიდან. აქაც მიხვდნენ, რომ ეს მათი არაადეკვატური საქციელი არ იქნებოდა მათთვის გამოსადეგი და ამის შემდეგ ცვლიან გადაწყვეტილებას.
„თავსებადია ძლიერი სახელმწიფო და დემოკრატია. ეს ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის შეუძლებელი და წარმოუდგენელი რამ არის როგორც ჩანს, რადგან ამ ქვეყანაში არის დემოკრატია, არსებობს ჰუმანური მიდგომა ყველასა და ყველაფრის მიმართ. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვერ შეარყევენ სახელმწიფოს. ეს ასეა. ვერ შეარყევენ ამ თავისი ცრუ ნარატივებით. რამდენადაც ჩემი სიტყვები უკუღმა გადაატრიალონ, მერე იმეორონ პოლიტიკოსებმა მოგონილი ცრუ ამბავი, რამდენიც არ უნდა გააბრაზონ ამ ფეიკებით საზოგადოება, შეუძლებელია, ამ ქვეყანაში მოგონილ ნარატივზე შექმნილმა საპროტესტო მუხტმა რაღაც ცვლილებები გამოიწვიოს. ეს არის მთავარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.