მამუკა მდინარაძე - ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ ქართულ პროდუქტად არ იყო წარდგენილი „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“, რადგან საქართველოში არ მისცეს დაფინანსება, ამის ავტორები ახლა კინოცენტრში რაღაცებს აპროტესტებენ
არავის ახსენდება, რატომ არ იყო წარდგენილი ქართულ კინოპროდუქტად „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“, საქართველოში არ მისცეს დაფინანსება, რადგან ურუშაძე „ცხელი ძაღლის“ მე-4 სეზონის ავტორი იყო, ამის ავტორები ახლა კინოცენტრში რაღაცებს აპროტესტებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„კინოცენტრის თემას რაც შეეხება, გარკვეული ინფორმაცია ამ მიმართულებით მაქვს. ყველაზე ცუდი, იცით, რა არის, როდესაც „ნაცმოძრაობა“ წევს კინოცენტრის თემას. გუშინ „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი და სხვები ბევრჯერ ახსენებდნენ ზაზა ურუშაძეს, გენიალურ ადამიანს და გენიალურ რეჟისორს. ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ ხომ ყველას გახსოვთ, არავის ახსენდება, ქართულ კინოპროდუქტად რატომ არ იყო წარდგენილი „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“, იცით? რადგან საქართველოში არ მისცეს დაფინანსება და რატომ არ მისცეს? იმიტომ, რომ ზაზა ურუშაძე იყო „ცხელი ძაღლის“ მე-4 სეზონის ავტორი, როგორც მახსოვს, სხვა სამი სეზონი აქვს გადაღებული და ერთ-ერთს, მეოთხე სეზონს, ცენზურის მიხედვით, დღის სინათლე მაშინ არ ეღირსა. ამის ავტორები ახლა კინოცენტრში რაღაცებს აპროტესტებენ. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არანაირი მორალური უფლება იმ ხალხს, რომელიც ამ კამპანიის წინა რიგებში დგანან, არ აქვთ. რეორგანიზაცია ვიღაცებს, თავიანთი მენტალობიდან გამომდინარე, ჰგონიათ აუცილებლად ვიღაცისავე სამსახურიდან დათხოვნა. რეორგანიზაცია იმდენ კომპონენტს შეიცავს და მოიცავს, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, თუკი სადმე რეორგანიზაციაა გასაკეთებელი, უნდა გაკეთდეს. ქართულმა კინომ მეტი განვითარების საშუალება და თავისუფლება უნდა მიიღოს და „ნაცების“ ნარატივის ქვეშ ეს შეუძლებელია.
რაც შეეხება ბაჩო ოდიშარიას, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მე მაგ ადამიანთან მისაუბრია. თუ არის სხვა ასეთი ადამიანი, რომელმაც ასე კარგად იცის ქართული კინო, ქართული ფილმების შესახებ ასე მსჯელობდეს, კი ბატონო, ყველას დიდ პატივისცემას დავუდასტურებ, მაგრამ მე ასეთს ბევრს არ ვიცნობ“, – განაცხადა მდინარაძემ.