მამუკა მდინარაძე - ყველაზე დიდი შეცდომაა, თითქოს პოლიტიკიდან წასვლა-არ წასვლა რამე ფორმით არის დაკავშირებული მსჯავრდებულის მიერ მსჯავრის მოხდასთან, მსგავსი წარმოდგენები იყო 2012 წლამდე
ყველაზე დიდი შეცდომა ამ მსჯელობის დროს არის, რომ პოლიტიკიდან წასვლა-არ წასვლა თითქოს რამე ფორმით არის დაკავშირებული მსჯავრდებულის მიერ მსჯავრის მოხდასთან. არაფერ შუაში არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი წავიდა თუ არა პოლიტიკიდან, ამაზე ჩამოყალიბებულნი „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არ არიან.
„როდესაც ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ის დანაშაული დაუდასტურა, დაუმტკიცა სასამართლომ და ამის შემდეგ პოლიტიკაში დარჩენას თუ წასვლას მსგავს საკითხებს უკავშირებთ, ეს არის დემოკრატიისთვის პირდაპირ ძირის გამოთხრა. არ შეიძლება ასე მსჯელობა – წავიდა პოლიტიკიდან და ახლა რა ხდება მართლმსაჯულებაში? მსგავსი წარმოდგენები იყო 2012 წლამდე და 2012-ის შემდეგ არც ერთი საფუძველი, არც ერთი წინადადებით არავის მიუცია საიმისოდ, არც ჟურნალისტის, არც პოლიტიკოსისათვის და არც საზოგადოების რომელიმე წევრისათვის, რომ მსჯავრდების საქმე, სამართალწარმოების თემა დაეკავშირებინა პოლიტიკაში იქნება თუ არა ადამიანი ამასთან. რაც შეეხება რეალურად წავიდა თუ არა პოლიტიკიდან, ამას არათუ ზოგადად ჩვენ და საზოგადოება როგორ ხედავს, არამედ „ნაცმოძრაობაშიც“ კი ვერ ჩამოყალიბებულან შიგნით, ეს ერთ-ერთი საბაბი გახდა, რომ რაღაც განხეთქილება გარეთ გამოეტანათ, ზოგი ამბობს, რომ არსად წასულა და ეს არის ტაქტიკა. „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, ფორმალური თავმჯდომარე აცხადებს, რომელიღაც რიგითი წევრი კი არა, რომ ეს არის ადვოკატების ტაქტიკა, ტაქტიკაზე ასე გარეთ როგორ ლაპარაკობენ არ ვიცი, მოკლედ ერთმანეთში აჭრილები არიან, ისინი გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ და ერთმანეთში ვერ ლაგდებიან სინამდვილეში რა მოხდა, წავიდა ის კაცი პოლიტიკიდან თუ არა. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ სპეკულაცია ვერავინ შეძლოს, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კონკრეტული მსჯავრდებულის სასჯელის მოხდასთან.
რაც შეეხება იმ კითხვას, „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გარდა არის თუ არა ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი, სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა“, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულთან, სიბნელესთან, წარსულთან, კრიმინალთან და ათას უბედურებასთან, რომელი ჩამონათვალის გაგრძელებაც და გამეორებაც არ მინდა, მიუხედავად ამისა სამწუხაროდ ის ამ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალაა რეიტინგებით, ვიცით რომ გარკვეული რეიტინგები აქვს მიხეილ სააკაშვილს და მის გარეშე ალბათ ძალიან გაუჭირდებათ. იქედან გამომდინარე, რომ უნდა ვაღიაროთ ძალიან ბევრი მხარდამჭერი მას პერსონალურად ჰყავს. „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველში დიდი წილი არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისა და ამიტომ ამით ყველაფერია ნათქვამი“, – განაცხადა მდინარაძემ.