მამუკა მდინარაძე - ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, ვერავინ მიუთითებს პოლიტიკოსებს, რა არჩიონ
ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მდინარაძის თქმით, ვერავინ მიუთითებს პოლიტიკოსს, როგორი არჩევანი გააკეთოს.
„ჩვენ ყველა ადამიანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და ამ დამოკიდებულებას არ შევიცვლით. როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში მიიღებენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ეს მათი არჩევანია. ვერავინ მიუთითებს ვერც ერთ ადამიანს, მით უმეტეს, პოლიტიკოსს და ისეთ გამოცდილ პოლიტიკოსებს, როგორებზეც ამ შემთხვევაშია საუბარი, რა არჩიონ. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ დარჩენაზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.