მამუკა მდინარაძე - ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს, რომ პოლარიზაცია შეამცირონ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის
ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს, რომ პოლარიზაცია შეამცირონ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, რომ ევროპელი პარტნიორები, მეგობრები საქართველოს პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდებს. ამასთან, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში მზად არიან, აიღონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა პოლარიზაციასთან დაკავშირებით.
„ძალიან ნიშანდობლივია, რომ პირველივე ყველაზე მკაფიო რეკომენდაცია შეეხება დეპოლარიზაციას. სხვათა შორის, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, მეგობრები ამას მოგვიწოდებენ, პრიორიტეტულ საკითხად და რჩევად განიხილავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ არის პოლარიზაციის წყარო. პოლარიზაციის წყარო თუ არის ფეიკნიუსები და რაღაც გამოგონილი პრობლემების შემდეგ თავადვე რომ ბრაზდებიან, ალბათ ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს, რომ პოლარიზაცია შეამცირონ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. ეს კარგად გამოჩნდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, მაგრამ მეორე მხრიდან ყოველთვის მოდის დაუსაბუთებელი, გამოგონილი ამბების საფუძველზე შექმნილი პოლარიზაცია, რაც უნდა შემცირდეს. მოდით, ვიმედოვნოთ, რომ ევროპის ასეთმა მკვეთრმა მოწოდებამ უშველოს, შეამცირებენ „ფეიკებს“, ზიზღს, სიძულვილს, ოდნავ მაინც თავს ზევით ძალას იპოვიან და კონსტრუქციულობის, რეალობის ჩარჩოებში ჩაჯდებიან.
შეიძლება, ჩვენ ყველაზე მარტივად სწორედ ეს პირველი, უმთავრესი რეკომენდაცია შევასრულოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების უფრო სწრაფ ტემპს, რისი საფუძველიც საბედმოეროდ, ბევრი გვაქვს, მაგრამ როდესაც პირველივე წუთებიდან ვხედავთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ცდილობენ, პოლიტიკური ტემპერატურა სპეკულაციური მესიჯებით აწიონ და პოლარიზაცია არათუ შეამცირონ, არამედ გაზარდონ, ამისი გონივრული, ობიექტური მოლოდინი სამწუხაროდ, არ გვაქვს. თუმცა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა განსაკუთრებულად ავიღოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
ალბათ გახსოვთ მათი განცხადებები, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ უნდა ჩამოვიშოროთ ხელისუფლებაო. ამ გეგმის განხორციელებას შეუდგნენ ახლა. ეს გეგმა არის წარუმატებელი, რადგან ხალხს ჩვენ ვეუბნებით სიმართლეს, ხალხი უსმენს ევროპელ პარტნიორებს, გვისმენს ჩვენ და სიმართლეს იგებს ყოველწუთიერ რეჟიმში. როცა პირველივე წუთებიდან პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას ცდილობენ ისინი, აცდენილები არიან არათუ ევროპულ მიზნებს, არამედ ევროპულ გზას. არაევროპულ, სპეკულაციურ გზას არა აქვს პერსპექტივა, აქედან გამომდინარე, მათი გეგმა თავიდანვე განწირული იყო და ახლა მაინც დაანებონ თავი ამ აბსურდულ, უპერსპექტივო გეგმაზე საუბარს, ფიქრს, ამ გეგმის განხორციელებას. დაემორჩილონ ჩვენი ევროპელი მეგობრების პირველივე მოწოდებას და ყველაფერი კარგად იქნება. ამ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა ევროპული პერსპექტივისა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან 20 ივნისისთვის დაგეგმილ ოპოზიციის აქციაზეც გააკეთა კომენტარი.
„გვახსოვს, რომ ეს იყო გეგმა. ჩვენ მოვუწოდეთ, გაემიჯნეთ იმ გეგმას, რომელშიც ჩვენ გამხილეთ. ისინი არათუ გაემიჯნენ, დღეს უკვე მტკიცებულებების დონეზე მოწოდებებით თავადვე ადასტურებენ, რომ ისინი ამ გეგმას ელოდებოდნენ. ამ გეგმის საფუძვლად იმას ელოდებოდნენ, რასაც ახლა მოიხსენიებენ და საერთოდ არ უნდათ იმაზე ყურადღების გამახვილება, ყურადღების გადატანა, რომ საქართველომ ამ ბევრი ბრძოლის მიუხედავად, ბევრი ფეიკნიუსის, ლობისტის, ძალიან ცუდი საქციელის მიუხედავად, მაინც წინ წაიწია და ევროპული პერსპექტივა გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ისინი ამ გადაწყვეტილების მხოლოდ მეორე ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას და ცდილობენ, ამის საფუძველზე თავისი გეგმა მოქმედებაში მოიყვანონ, რაც არ გამოუვათ. ქართველი ხალხი მტკიცედ დგას თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის მის სადარაჯოზე. ამავდროულად, ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამიტომაა, რომ ამხელა მხარდაჭერა გვაქვს დღეს, რომლითაც თამამად ვსაუბრობთ ჩვენი საზოგადოების, მათ შორის დასავლელი პარტნიორების წინაშე აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.