მამუკა მდინარაძე - ყველაფრის პიჯაკების საქმემდე დაყვანა ცუდი პიარული სვლაა, რომელიც ამ ქვეყანაში ვერ გავა
უბედურება იმაშია, რომ საბიუჯეტო თანხების საკუთარ ტანზე, ოჯახზე მორგებაზე, მისაკუთრებასა და მოპარვაზეა საუბარი, ეს უნდა განვასხვავოთ, ყველაფრის პიჯაკების საქმემდე დაყვანა არ შეიძლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ეს არის ცუდი პიარული სვლა, რომელიც ამ ქვეყანაში ვერ გავა.
„თუ შევარდნაძის ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაანაცვლა, ცნობილი იყი იმით, რომ მასში კორუფცია მეტასტაზებივით იყო მოდებული, ასევე ეს მიდგომაც ჩაანაცვლეს და აღმოფხვრეს ტოტალური მასობრივი კორუფცია, უნდა ვთქვათ გულწრფელად, მაგრამ ეს ჩაანაცვლეს ელიტარული კორუფციით. თანხები, რომლებსაც ქრთამის სახით იღებენ, კი არ იყო ისეთი წვრილ-წვრილი, როგორც მანამდე, 2003 წლამდე ხდებოდა, არამედ ძალიან გამსხვილდა და ელიტარული კორუფცია იყო მათი დამახასიათებელი ნიშანი იმ ტოტალურ ძალადობასთან და შიშთან ერთად, რაც ასევე ახასიათებდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს. ჩვენ მიგვაჩვიეს, რომ 48 მილიონი მოიპარა, გაფლანგა, მივეჩვიეთ. ადამიანებს იჭერდნენ 500 ლარზე, 50 ლარზე, 400 ლარზე, 700 ლარზე და ასე შემდეგ. 48 მილიონი მოიპარა უგულავამ, მერე რა, იქ გაფლანგა, გამოფლანგა, რატომ არის ცუდი. არაფერი თითქოს.
9 მილიონი მოიპარა სააკაშვილმა და აფინანსა თავისი ოჯახის წევრები, პირადი ექიმი, სხვა ქვეყნის ვიღაც მსახიობი, მათ შორის სხვა ქვეყნის მსახიობს აფინანსებდა ქვეყნებში გადაფრენის მიზნობრიობით, ოჯახის წევრების სწავლის საფასურს, ცურვის ანაზღაურება, მასწავლებლის თანხები და მსგავსი საკითხები და 9 მილიონი გახდა პიჯაკების საქმე. პიარული სვლაა მხოლოდ იმისთვის, რომ აი, პიჯაკი შეიძინა საწყალმა, გაჭირვებულმა პრეზიდენტმა და 9 მილიონი კი არ არის, პიჯაკია სინამდვილეში. აქამდე რომ მოხდეს ამის დაყვანა, ეს პიარული ე.წ. ხრიკებია ამაში ჩადებული. ამ დროს, განსაკუთებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების საკუთარ ტანზე, ოჯახსა და საკუთარ ინტერესებზე მორგებაზე, მისაკუთრებასა და მოპარვაზეა საუბარი. ეს უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. ამაშია მთელი უბედურება, რომ ამ ყველაფრის პიჯაკების საქმემდე დაყვანა არ შეიძლება. ეს არის ცუდი პიარული სვლა, რომელიც ვერ გავა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.