მამუკა მდინარაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთო კანდიდატზე შევჯერდეთ, საუბარი თუ იქნება, რომ მაინცდამაინც შევთანხმდეთ ნაზი ჯანეზაშვილზე, რომელიც კომიტეტის სხდომაზეც არ მოვიდა, შეგვიძლია, ეს გამოვრიცხოთ
ულტიმატუმი თუ იქნება, რომ მაინცდამაინც კონკრეტული ადამიანი ავირჩიოთ, მაშინ პროცესი ჩიხში შევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, სახალხო დამცველობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული შესრულდება თუ არა ევრორეკომენდაცია.
„ოპოზიციის მხრიდან თუ არ იქნება ულტიმატუმების ენით საუბარი, მინიმუმ თეორიული შანსი მაინც იქნება, რომ ვიღაცაზე შევჯერდეთ, თუმცა თუ ისინი ისაუბრებენ ულტიმატუმებით, მაშინ ულტიმატუმის მიზანი იქნება, რომ შეთანხმება ვერ შედგეს და ვერც შედგება. სამწუხაროდ, დღეს რადიკალურ ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული, იქნება თუ არა ეს შეთანხმება, შესრულდება თუ არა ევრორეკომენდაცია. თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შეთანხმება შედგეს და საერთო კანდიდატზე შევჯერდეთ. საუბარი თუ იქნება, რომ მაინცდამაინც შევთანხმდეთ ნაზი ჯანეზაშვილზე, რომელიც კომიტეტის სხდომაზეც არ მოვიდა, შეგვიძლია, ეს აქვე გამოვრიცხოთ. საქართველოს პარლამენტშიც კი არ მოვიდა, პარლამენტი იმის ღირსად არ ჩათვალა, რომ პასუხები გაეცა. თუ ულტიმატუმი იქნება, რომ მაინცდამაინც კონკრეტული ადამიანი ავირჩიოთ, მაშინ პროცესი ჩიხში შევა, თუმცა ვისაუბრეთ დარბაზშიც ვისზე შეიძლება შევთანხმდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.