მამუკა მდინარაძე - ყველა, ვინც ეროვნულ საკითხებს უწოდებს რუსულს, არის „ნაცი“, ამ წლებში, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ევროპული ოჯახის წევრობისკენ
რომელია რუსული კანონი? ჩვენ არ გვაქვს ასეთი ქვეყანაში. თაღლითია გიორგი ვაშაძე, როცა რუსულ კანონს ახსენებს; ყველა, ვინც რუსულ კანონს ახსენებს, არის ან ბინძური პროპაგანდის მსხვერპლი, ან თაღლითი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პერიოდში საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ.
„თქვენ თუ გინდათ, ამოიცნოთ ჭეშმარიტი „ნაცი“, უნდა დააკვირდეთ, უწოდებს თუ არა ქართულ კანონს რუსულს და ქართულ, ეროვნულ საქმეს – რუსულს. ყველა, ვინც ქართულ საქმეს, ქართულ კანონს, ეროვნულ საკითხებს უწოდებს რუსულს, არის „ნაცი“. რაც შეეხება საგარეო კურსს, მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ქვეყანა ევროკავშირისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. ყველა ნაბიჯი, დაწყებული ასოცირების შეთანხმებით, გაგრძელებული ვიზალიბერალიზაციით, კანდიდატის სტატუსით, მიდის ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ. ერთადერთი, რაც არ ვქენით, არ ჩავერთეთ ომში და არ დავაწესეთ სანქციები. ჩვენ ევროინტეგრაციის საფუძვლად ღირსებას, მშვიდობას და კეთილდღეობას მივიჩნევთ და არა – ომში ჩართვას, სანქციების დაწესებას. დანარჩენი ყველაფერი გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, რომ ევროპულ ოჯახში მოვხვდეთ. თქვენ თუ გულისხმობთ შეფერხების საფუძვლად ომში ჩართვას და სანქციების დაწესებას, ამას არ გავაკეთებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.