მამუკა მდინარაძე - ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები, მნიშვნელობა არ აქვს, რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი რას დამიძახებს, თუ ჩემს თავთან მართალი ვარ
საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც, ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია, რუბლებით, დოლარებით დაფინანსებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყველა მხრიდან ჩარევას იცილებს თავიდან, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში.
„ხელისუფლება იმისთვის ხარ, რომ თავიდან აიცილო ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, თავიდან აიცილო საფრთხეები. აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა „რუსული“ გვეძახონ, რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენს თავთან მართლები ვართ, საკუთარი შვილების რაღაც ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის – ამ ზომაზე ვართ მისული. გასანქცირებენ, გასანქცირებენო, მართალია, თქვენგან ვიგებთ, მაგრამ ეს თუ მართლა ასეა და ოჯახის წევრებსაც ეხება, ხომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის? ქვეყანა რომ იყოს დამოუკიდებელი, ამაყი და ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები საკუთარ ქვეყანაში მიიღოს, ამისთვის ჩვენი შვილების ინტერესებიც გაგვიწირავს, ხომ? შესაბამისად, პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი რას დამიძახებს, თუ, პირველ რიგში, ჩემს თავთან მართალი ვარ და თავისუფალი ვიქნები ჩარევებისგან ყველა მიმართულებიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.