მამუკა მდინარაძე - ყველა გამოკვლევა მიუთითებს, რომ არც ცალკე და არც ერთად ოპოზიციას არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა გამოკვლევა, რეიტინგი, საზოგადოების განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციას არც ცალკე და არც ერთად საპარლამენტო არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვს.
„ისინი უნდა მოემზადონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა ჩვენ ყველა ვარიანტში დიდი პასუხიგებლობით ვუდგებით არჩევნების საკითხს. თუ მათ ეყოლებათ საერთო მაჟორიტარები, შეგვიძლია, ვარაუდი გამოვთქვათ, რომ პირველ ტურში ყველაფერი დასრულდება „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, ხოლო თუ საერთო კანდიდატებზე ვერ შეჯერდებიან, შესაძლებელია, რამდენიმე ოლქში მეორე ტურიც კი გახდეს საჭირო, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა ოპიზიციის წარმომადგენელი დაამარცხოს.
მათ თავიანთი დღის წესრიგი და გარკვეული უთანხმოება აქვთ ე.წ. ოპოზიციურ ერთობაში, ვინ იქნება წარმომადგენელი და როგორ გაინაწილებენ ადგილებს. ჩემი აზრით, მათ რეალურად ილუზიაც კი არ აქვთ, რომ შეიძლება რაიმე ისეთ წარმატებას მიაღწიონ, რომ საუბარი იყოს მთავრობის დაკომპლექტებაზე“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.