მამუკა მდინარაძე - წინა ხელისუფლების დროს ამორალური, ამაზრზენი საქციელები იყო სახელმწიფოს თანხების ხარჯვის საფუძველიც კი, მგონია, რომ გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს ამით
არა მხოლოდ დანაშაულები, არამედ ამორალური, ამაზრზენი საქციელები იყო სახელმწიფოს თანხების ხარჯვის საფუძველიც, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს ამით, რადგან აქ მარტივად არაა საქმე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საბიუჯეტო თანხები პირადი მიზნებისთვის იხარჯებოდა.
„შეიძლება, ჩვენს საზოგადოებას აღიზიანებდეს კიდეც სააკაშვილსა და მის დროინდელ დანაშაულებზე ამდენი საუბარი, თუმცა როცა დღესაც აგრძელებენ, „გასაპრავებლად“ იგონებენ ათასგვარ ფეიკს – სხვა ინტერესი არ იდო იმაში, რომ პრემიერისთვის დაებრალებინათ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა. შემდეგ უკვე გადავიდნენ პენსიონერ მამაზე, თითქოს პენსიონერობა რაღაც შეურაცხმყოფელი სიტყვა იყოს, სიუჟეტი სიუჟეტზე კეთდებოდა. უნდა ჩამოყალიბდნენ, პრემიერის მამა პენსიონერია მხოლოდ, თუ სხვა შემოსავალიც აქვს, ან ერთია ტყუილი, ან მეორე. ან ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ხარჯები, რომლებიც მათ ბელადს ჰქონდა გაწეული დანაშაულებრივად, საუბარია 14 მილიონზე, რომელსაც არამხოლოდ პირადი მიზნებისათვის იყენებდა, ამორალურობის ზღვარს გადასული იყო, პირადი ვნებებისთვის იყენებდა, პირადი ინტერესებისთვის იყენებდა. ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ნარკობარონების საფლავების მონახულება და ა.შ. არა მხოლოდ ასეთი დანაშაულები, არამედ ამორალური, ამაზრზენი საქციელები იყო სახელმწიფოს თანხების ხარჯვის საფუძველიც კი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს ამით, რადგან აქ მარტივად არაა საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ.
თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.