მამუკა მდინარაძე - წინა არჩევნებზე ამომრჩეველს ატყუებდნენ, ხელისუფლებამ 2% გააყალბაო, ბოლოს თვითონ აღმოჩნდნენ გამყალბებლები, ახლა რა უნდა უთხრან ამომრჩეველს, 20, 25% გაგვიყალბესო? თუ 30%?
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციაში ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ ხელისუფლებამ 2% გააყალბა, ბოლოს თვითონ აღმოჩნდნენ პარალელური დათვლის მონაცემების გამყალბებლები, ხვალ კი, როდესაც საქართველო მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ სვლას აირჩევს, ძალიან საინტერესოა, რა უნდა უთხრან ამომრჩეველს, ელექტრონულ არჩევნებში 20 თუ 25% გაგვიყალბესო? თუ 30%? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, აგენტურულ პარტიებს არც პრემიერობის კანდიდატი და არც დელეგატობის კანდიდატები ჰყავთ, იმდენად გამარგინალებული ოპოზიციური სპექტრია, ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ხმა ვის უნდა მისცეს, ამისი თქმაც კი „უტყდებათ“.
„აგენტურულ პარტიებს პრემიერობის კანდიდატი არ ჰყავთ, დელეგატობის კანდიდატები არ ჰყავთ, იმდენად გამარგინალებული ოპოზიციური სპექტრია, ხმა ვის უნდა მისცეს ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, ამისი თქმაც კი „უტყდებათ“, ებღაუჭებიან „ევროპულ“ ნარატივს, მაგრამ რომელია ეს ყველაზე ევროპული პარტია ოპოზიციაში, თავი სასაცილოდ რომ არ გაიხადონ, ამასაც ვერ ამბობენ.
ამავე დროს, ევროპელი პენსიონერების ძარცვის კიდევ უფრო მასშტაბური სქემის აღმოჩენაზე იმეორებენ საზეპირო მესიჯს, რომ ესეც რუსული საქმეა. მოკლედ, დავალებული მესიჯებიც აეჭრათ.
წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ ხელისუფლებამ 2% გააყალბა, ბოლოს კი თვითონ აღმოჩნდნენ პარალელური დათვლის მონაცემების გამყალბებლები.
ხვალ კი, როდესაც თავისი სამშობლოსთვის ქუდზე კაცი გამოვა და საქართველო მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ სვლას აირჩევს, ძალიან საინტერესოა, რა უნდა უთხრან ამომრჩეველს, ელექტრონულ არჩევნებში 20 თუ 25% გაგვიყალბესო? თუ 30%?“ – დაწერა მამუკა მდინარაძემ.